17, ივნისი 2020 21:40:00
სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებლები, რომელსაც სახელმწიფომ საარსებო წყარო შეუწყვიტა. ორ წევრიან ოჯახში ორივე მძიმე ქრონიკული პაციენტია. ავჯიშვილების ერთადერთი შემოსავალი კი 80 წლის მოხუცის ასაკობრივი პენსიაა. ხელისუფლებისგან მივიწყებულები შიმშილის ზღვარზე დგანან. საკვებს დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ, ისიც ნათესავების დახმარებით იღებენ.
ეს კიდევ ერთი უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახია ქალაქში. ორივე წევრი, დედა და შვილი მძიმე ქრონიკული პაციენტები არიან. მათი შემოსავალი დედის ასაკობრივი პენსიაა. იმის გამო, რომ საპენსიო სესხი აქვთ, ყოველთვიურად მხოლოდ 155 ლარს იღებენ. 80 წლის მოხუცი და მისი შვილი, ნათესავების დახმარებით, საკვების მიღებას ძირითადად, დღეში მხოლოდ ერთხელ ახერხებენ.
„მაცნე“-ს რეპორტაჟების ბევრი სხვა გმირების მსგავსად, სოციალური დახმარება ავჯიშვილებსაც მოუხსნეს. ცხადია, მდგომარეობის განმეორებით გადამოწმების მიზნით, სოციალური აგენტი დედა-შვილთან რამდენჯერმე იყო, თუმცა ოჯახმა მარალი შეფასება მიიღო.
ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ქულებს პროგრამა ავტომატურად ითვლის, ამიტომ შეწყვეტილი დახმარების მიზეზი, კონკრეტული სოციალური აგენტის მაღალი შეფასების შედეგი არ არის.
ოჯახი ისევ განმეორებითი გადამოწმების და ხელისუფლების დამხმარების იმედად რჩება.