დეპუტატი, რომლის ოჯახი და სანათესაო მისი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე გამდიდრდა. 6 მილიონი ლარი მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში-ეს ანზორ ბოლქვაძის ახლობლების სახელებზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ ტენდერებით მიღებული თანხებია. მაჟორიტარის კავშირები მესამე სექტორმა გაშიფრა. როგორც აღმოჩნდა, ქართული ოცნების რიგებმში მდგომი, სახელმწიფოს ბევრ რამეს უმალავს.
რა სარგებელი მოაქვს მაჟორიტარ ბოლქვაძეს ნათესავებისთვის და დაახლოებული პირებისთვის - ამ სათაურით კვლევა დღეს ორგანზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის - ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2020 წლებში აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. კერძოდ, ბიძშვილის - რომან ბოლქვაძის კომპანია შპს „გიგა 2015“-მა 3 825 175, ლარი რძლის - გურანდა გობაძის კომპანია „აისმა“ 1 148 599, ლარი მამიდაშვილის შვილის არჩილ ქედელიძის კომპანია „ქედემ“ კი 844768 ლარი. კვლევის მიხედვით, სამივე კომპანია ტენდერებს ძირითადად უკონკურენტო პირობებში იგებდა, რაც საგამოძიების დაწყების საფუძველია.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში დეტალურადაა აღწერილი ქონებები და წილები, რომლებიც დეპუტატის ოჯახის წევრებზე და ახლობლებზეა რეგისტრირებული. მათ შორის ქონებები, რომლებიც ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. მაგალითად, 2020 წელს გახსნილი სასტუმრო „არსიანი“ კურორტ გოდერძზე, რომელიც მის მეუღლეს ეკუთვნის.
2016 წლიდან ანზორ ბოლქვაძის ნათესავი - რომან ბოლქვაძე ინიშნება ანზორ ქამადაძის მიერ დარეგისტრირებული კომპანიის „გიგა 2015“-ის დირექტრორად, 2018-დან კი ბოლქვაძემ ქამადაძისგან უსასყიდლოდ მიიღო კომპანიის 100-ივე პროცენტი. სწორედ, ამის შემდეგ იმარჯვებს „გიგა 2015“ აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში. 2016-20 წლებში დეპარტამეტის 69 შესყიდვა მოიგო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ აქ მისი შვილი, როლანდ ბოლქვაძე ათი წელია მუშაობს და წლების განმავლობაში სატენდერო კომისიის წევრიც იყო. კველვაში ასევე წერია, რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლები 73-ჯერ გაეზარდა.
ანზორ ბოლქვაძის ახლო წრეს უკავშირდება კიდევ ერთი კომპანია „აისი“, რომელიც ხულოს მერიის შესყიდვებში ძრითადად ასევე უკონკურენტოდ იმარჯვებს. დამფუძნებელი და დირექტორი, რეზო ანანიძე, ანზორ ბოლქვაძის მეუღლის თინა ბოლქვაძის 100%-იან სკუთრებაში არსებული კომპანია „ჰორიზონტის“ დირექტორიცაა. კვლევაში მითითებულია, რომ 2018 წელს ანანიძემ კომპანია სრულად გადაუფორმა ანზორ ბოლქვაძის ნათესავს, რომან ბოლქვაძეს. მან კი მალევე ანზორ ბოლქვაძის რძალს, გურანდა გობაძეს მისცა, გობაძემ როინ აბულაძეს. აქედან იწყება „აისის“ აქტიური მონაწიელობა სახელმწიფო ტენდერებში. მან 11 სახელმწიფო შესყიდვა მოიგო, შემოსავლების 67%, კი უკონკურენტო შესყიდვის პირობებში მიიღო.
არჩილ ქედელიძე ანზორ ბოლქვაძის მამიდაშვილია. იგი შპს „ქედეს“ 100%-იან წილს მართავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერს, რომ ახლადდაარსებულმა კომპანიამ 2016-ში ქედაში 100 000 ლარიანი ტენდერი მოიგო, შემდეგ კი ხულოში თითქმის მილიონი ლარის 8 შესყიდვა. ორივე მუნიციპალიტეტში ტენდერების უკონკურენტო მონაწილე იყო.
ანზორ ბოლქვაძის გარდა ჩვენ იმ ადამიანებთანაც ვცადეთ დაკავშირება, რომლებიც კვლევაში იყო ნახსენები, თუმცა მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდათ.