03, ივლისი 2020 21:25:00
ახლა კი კიდევ ერთ მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე უნდა გიამბოთ. სოფელ ჯოჭოში გზის რეაბილიტაციას ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც წლებია ითხოვენ, თუმცა პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. ავარიულ მონაკვეთზე შეუძლებელია ნებისმიერი სახის ტრანსპორტით მოძრაობა. ხელვაჩაურში მცხოვრებლებს გადაადგილება ფეხით უწევთ. თავად მუნიციპალიტეტის მერი ირწმუნება, რომ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება.
სოფელ ჯოჭოში, გზის ამ კონკრეტული მონაკვეთის რეაბილიტაციას, მოსახლეობა წლების განმავლობაში და უწყვეტად ითხოვს. გზა იმდენად ავარიულია, მანქანები ფაქტიურად ვერ მოძრაობენ, მათ შორის, ვერც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ყველაზე შორს, სოფლის ბოლოში, გულნარა გურგენიძე ცხოვრობს. ავარიული მონაკვეთი მისი სახლიდან ოთხ კილომეტრს ითვლის. გზას მუდმივად ფეხით გადის.
ავარიული გზის მონაკვეთის მოწესრიგების მოთხოვნით, ხელვაჩაურის მერიაში არაერთი განცხადებაა დაწერილი, თუმცა როგორც გულნარა გურგენიძე იხსენებს, მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, მას მუდმივად შეურაცხმყოფელი შინაარსის ტექსტებით მიმართავდა.
ჯუმბერ ვარდმანიძე ბრალდებას უარყოფს. პრობლემასთან დაკავშირებით კი ირწმუნება, რომ გზის ავარიული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, უახლოეს მომავალში დაიწყება. ვადებს მერი ვერ აკონკრეტებს.
ავარიული გზა მხოლოდ გულნარა გურგენიძის პრობლემა არ არის, თუმცა სხვადასხვა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით მეზობლებმა კამერებისგან დამალვა არჩიეს, არადა ვიდრე ადგილზე ავიდოდით, პირობა ჰქონდა, რომ პრობლემაზე ყველა ერთხმად ისაუბრებდა.