15, ივლისი 2020 21:59:00
მაღლივი კორპუსები ზღვის ხედის ნაცვლად და მახინჯაური ჩაბეტონების საფრთხის წინაშე. მას შემდეგ, რაც ბათუმში მშენებლობისთვის ადგილი პრაქტიკულად ადგილი აღარ დარჩა, დეველოპერებმა ახლა ახალი ბიზნეს ინტერესებით, ქალაქის შემოგარენში გადაინაცვლეს. არეალში მოხვდა მწვანე კონცხი და მახინჯაური. ადგილები, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმიტომ სტუმრობენ, რომ ირგვლივ სიმწვანეა. დაკარგავს თუ არა ტერიტორია იმ ხიბლს, რაც დღემდე, ჯერ კიდევ შემორჩენილია? მესამე სექტორი ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
ეს მწვანე კონცხია. ადგილი, რომელსაც ტურისტები იმიტომ სტუმრობენ, რომ ხედი -ზღვისაა, გარემო -მწვანე, სივრცე-ღია და ჰაერი-სუფთა. ზღვისპირა ბალნეოლოგიური კურორტი ადამიანებისთვის სწორედ ამ ჩამონათვალის გამოა მიმზიდველი. თუმცა თუ ყურადღებით დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ სიმწვანეს ნელ-ნელა ნაცრისფერები ერევა. ანუ, ბათუმის შემდგომ ჩაბეტონების პროცესი ამ ადგილებშიც იწყება.
მშენებლობების სიმაღლე უფრო და უფრო იზრდება, მახინჯაურში, ანუ რაც უფრო უახლოვდებით ბათუმს. განცდა,რომ ქალაქის ეს ნაწილიც ჩაბეტონდება,თანდათან უფრო საგრძნობია. თანამედროვე მრავალსართულიანი კორპუსები ერთმანეთის მიყოლებით, თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შენდება. ადგილობრივებს ზღვის ხედი ეკარგებათ, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს აფრთხობდეთ, პირიქით მოწონთ, ან არ მოწონთ და ამას არ აფიქსირებენ. საკუთარ ქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გულისტკივილი ჩვენს კამერასთან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქემ დააფიქსირა.
მახინჯაურში პრაქტიკულად ვერ ვიპოვეთ ადამიანი, ვინც პრობლემაზე ღიად ისაუბრებდა. ნაწილმა, ისიც კი თქვა, რომ მაღლივი კორპუსები, ქალაქს პირიქით ალამაზებს.
რანაირადაც არ უნდა შევხედოთ, ჩაბეტონება რომ გარდაუვალია, თუ მშენებლობა ამ ტემპებით გაგრძელდება, ფაქტია. ამაზე ღიად საუბრობს ოპოზიცია. საკრებულოს დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ამბობს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მაღლივი კორპუსების აგება რელიეფიდან გამომდინარეა დაუშვებელი. ეკოკატასტროფის საფრთხეზე საუბრობს საზოგადოება „ბათომიც“.
რის საფუძველზე გასცემს ბათუმის მერია ნებართვებს მახინჯაურში,ზღვისპირა ზოლში და მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე? თან იმ ფონზე, როცა ქალაქგანვითარების გენ.გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის უცნობი დარჩა. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი დაკავებულია და ჩვენს კითხვებს დღეს ვერ უპასუხებს.