ზუსტად 2 წლის წინ, ანუ 2018 წლის ივლისში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა. პატარაძის შემცვლელს მაშინ ნდობა უმაღლესი საბჭოს თითქმის სრულმა შემადგენლობამ გამოუცხადა. ახალმა ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ერთადერთი, რისთვისაც თანაგუნდელებთან ერთად იბრძლებდა- ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნებოდა. რა შეძლო და რას გეგმავს სამომავლოდ - ჩვენ ამას დღეს არ განვიხილავთ. დღეს ჩვენი ფოკუსი მისი საკადრო პოლიტიკაა. ვის ნიშნავს, ათავისუფლებს ან აძლევს მითითებას რომ განცხადება დაწეროს? თვალი 2 წლიან არქივს ია გოლიაძემ გადაავლო. აღმოჩნდა, რომ მისი დანიშვნიდან დღემდე პოსტი 20-მდე მაღალჩინოსანმა დატოვა.
ჯამბულ ხოზრევანიძის გათავისუფლება, რიჟვაძის საკადრო პოლიტიკიდან ბოლო გადაწყვეტილებაა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კაბინეტს ისე დაემშვიდობა, რომ განმარტება არ გაუკეთებია. დღეს იგი ხელისუფლების ოპონენტების რიგებში აღმოჩნდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საკადრო პოლიტიკიდან კიდევ ერთი გადაწყვეტილება, არც თუ ისე შორის, ჯერ კიდევ გუშინ გავიგეთ. თანამდებობა ქობულეთის მერიაში ერთ- ერთი სამსახურის უფროსმა დატოვა. განსხვავება ისაა, რომ ასლან ქათამაძემ წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა მთავარი კითხვა ახლა ასე ჟღერს: წავიდა თუ აიძულეს? რატომღაც ყოველთვის ისეა, რომ წასულები ახსნა განმარტებებს არ აკეთებენ. გამონაკლისი გუშინ, არც არქიტექტურისა და სივრცითი დაგეგმარების სამსახურის უფროსი ყოფილა.
ზუსტად ერთ კვირის წინ, საზოგადოებამ გაოცება ვერ დამალა, როცა პანდემიის და აქტიური ინფრაქტრუქტურული სამუშაობის ფონზე, როცა წესით დასვენებაზე არც უნდა ეფიქრა, ბათუმის მერმა ერთ კვირიანი შვებულება აიღო, იფიქრა იფიქრა და სამსახურში, თანამშორომლების წინაშე ახალი ამბით დაბრუნდა. ლაშა კომახიძემ კოლეგებს გადადგომის შესახებ აცნობა. კონკრეტული არაფერი უთქვამს, თუმცა ყველა მიხვდა, რომ მის არჩევანს სარჩულად რიჟვაძესთან დაძაბული ურთიერთობა ედო. თვითმმართველი ქალაქის არჩეულმა ხელმძღვანელმა მოღვაწეობა გუნდური თამაშის წესების გათვალისწინებით დაასრულა.
კომახიძე ერთადერთი არ ყოფილა, ვინც რიჟვაძის ახირების საპირწონედ სასწორზე ხალხის ნება დადო. გოჩა მელაძე ხულოს არჩეული მერი იყო. თანამდებობა მასაც „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ დაატოვებინეს, იგივე სცენარით, როგორც ლაშა კომახიძეს. ამას დღეს არავინ აღიარებს, თუმცა მუნიციპალიტეტის ყოფილი ხემძღვანელის ფეისბუქს თუ გადახედავთ, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში თავადაც მარტივად დარწმუნდებით. მაშინ მერს მისი მოადგილეც მიჰყვა. ასე აღმოჩნდა ლაშა ბოლქვაძეც რიჟვაძის საკადრო პოლიტიკას შეწირულებს შორის.
რიჟვაძეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებების წერა, რომ უყვარს, ამაში იმ ფაქტის გახსენებაც დაგარწმუნებთ, როცა, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მოსვლისთანავე, 2018 წელს, თანამდებობიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ავთანდილ მესხიძე გაათავისუფლა და შემცვლელად, თავისი მეგობარი ტიტე აროშიძე დანიშნა. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ სკამს გამოეთხოვა მინისტრის მოადგილე, მამუკა თურმანიძე, რომელიც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდა.
კიდევ ერთი მინისტრი, რომელმაც თანამდებობა რიჟვაძის მმართველობის დროს დატოვა, რამაზ ბოლქვაძე იყო. 2018 წელს, დანიშვნიდან რამდენიმე დღეში რეგიონის ახალგაზრდა ხელმძღვანელმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მოხსნა. ბოლქვაძე რიჟვაძის წინამორბედის, ზურაბ პატარაძის კადრი იყო, ამიტომ გადაწყვეტილება მაშინ არავის გაკვირვებია.
ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ „მაცნეს“ ეთერში გასული წლის თებერვალში გააკეთა, მაშინ როცა განათლების მინისტრი ჯერ კიდევ ინგა შამილიშვილი იყო. ყველასთვის გასაგები იყო, რომ შამილიშვილის მუშაობის ტემპებით კმაყოფილი არ იყო და მის საქმიანობას ვერც ფრიადზე აფასებდა. მოკლედ, გაბრაზებულმა რიჟვაძემ რამდენიმე თვეში შამილიშვილის გათავისუფლების ბრძანება ისე დაწერა, რომ ხელი არ აუკანკანკალდა. უფრო მეტიც, ყოფილ ხელმძღვანელს საყვედურებიც მიაყოლა. თანმდებობა მალევე დატოვა თეონა ბერიძემაც, რომელიც შამილიშვილის მოადგილე იყო.
თამარ ორაგველიძე აჭარის მუზეუმის დირექტორად 2018 წელს დაინიშნა, პოსტი კი მისთვის გაუგებარი მიზეზით თორნიკე რიჯვაძემ დაატოვებინა.
ლაშა ასლანიშვილი- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, ზვიად ხალვაში- ხელვაჩაურის მერის მოადგილე, მუხრან კაკაბაძე- აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი - ესეც ბოლო 2 წლის განმავლობაში თანამდებობებიდან გაშვებული მაღალჩინოსნების ჩამონათვალია. საკადრო პოლიტიკის სიას, რომელიც სავარაუდოდ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტში იწერება, ლოგიკურია, რომ გაგრძელებაც აქვს, რადგან რეგიონში კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის გათავისუფლებას პროგნოზირებენ.