14, სექტემბერი 2020 11:10:00
საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ კანონის პროექტი წარადგინა. აღნიშნული ახალი სტანდარტების დამკვიდრებას გულისხმობს. კანონპროექტი დაზიანებული გარემოს აღდგენასა და მის პირველანდელ მდგომარეობაში მოყვანას დამბინძურებელს ავალდებულებს.
სხდომაზე განაცხადეს, რომ კანონის მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირებაა.
კანონით 45 000 ლარამდე საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული. საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დეპარტამენტს სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.
შეუტყობინებლობის შემთხვევაში, პირს 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა კი 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, კანონპროექტის პირველი მოსმენა იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გაიმართა.