23, სექტემბერი 2020 21:30:00
მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, ნესტიანი ოთახები და გაუსაძლისი სუნი. სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად შესახლებულებს. თავისუფლების ქუჩის 19 ნომერში მცხოვრებლების მტკიცებით, გაწვიმებისას ფეკალური მასები ოთახებში ამოსდით. 100-მდე ადამიანი ყოველ ღამეს ელექტრო ენერგიის გარეშე ხვდება.
ნესტის შედეგად დაზიანებული სახლის კედლებიდან უკვე ბათქაში ცვივა, თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. შენობაში საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია, რის გამოც, ადგილობრივების რწმუნებით, უამინობისას, ფეკალური მასები ოთახებში აღწევს.
იმის გამო, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ, 2012 წელს, თავი თავისუფლების ქუჩაზე არსებულ, ყოფილი სტატისტიკის შენობას შეაფარეს. 12 ოჯახი, მას შემდეგ, ცხოვრობს ფართში, სადაც ელექტროენერგია ამ დრომდე არაა. პრობლმის გადაჭრა მერიასთან არაერთხელ სცადეს, თუმცა უცვლელი რეალობის გამო, იძულებულები გახდნენ, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაემართათ.
თვითნებურად შესახლებულები აქციაზე უცვლელი და კიდევ უფრო მასშტაბური მოთხოვნით გამოვიდნენ. სურთ, სახელმწიფომ უკვე კერძო საკუთრებაში გაცემული შენობა მეპატრონეს ჩამოართვას და უსასყიდლოდ, მათ დაუკანონოს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ობიექტი, ელექტრონული აუქციონით, მიმდინარე წელს გაასხვისა.
ახლა, თვითნებურად შესახლებულთა ერთადერთი იმედი ქობულეთის მერიის პასუხია. უწყების მიერ მოწოდებულ წერილობით პასუხში ვკითხულობთ:
იმის გამო, რომ ობიექტი თვითნებურად შესახლებული ოჯახების საკუთრებას არ წარმოადგენს, მუნიციპალიტეტი მათ ვერც ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას პირდება და ვერც ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პირობას აძლევს.