05, ოქტომბერი 2020 21:59:00
ცოტაც და ქვეყანას ახალი შემადგენლობის პარლამენტი ეყოლება. ახლა სწორედ ის დროა, როცა საზოგადოება ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლების ნამუშევარს აფასებს, თუმცა გასულ კვირას გაკეთებული რეპორტაჟიდან ჩანს, რომ ჩვენს მიერ შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხულ ადამიანებს გარდა ნეგატიურისა, სათქმელი არაფერი აქვს. რა შეუსრულეს ბათუმელ ამომრჩევლებს ოთხი წლის წინ გაცემული დაპირებებიდან, დღეს, შეკითხვით, თავად პარლამენტარებს, ია გოლიაძემ მიმართა.
მუხრან ვახტანგაძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მეოთხე წელია წარმოადგენს. მანდატი მას 2016 წელს ერგო, უფლებამოსილების ვადა კი, სულ რაღაც 2 თვეში ეწურება. რის გაკეთება შეძლო პარლამენტარმა ამ ხნის მანძილზე, ამომრჩეველს არ ახსოვს. როგორც ჩანს, სპორტის რაინდს დაავიწყდა, რომ მოქალაქეებმა მას მხარი, არა სპორტში მიღწეული წარმატებისთვის, არამედ პარლამენტში, პრობლემების მოსაგვარებლად დაუჭირეს.
გუგლის საძიებოში ვახტანგაძე არაერთი ბრალდებისა და მუქარის ადრესატად იძებნება. მსგავს ფაქტებს ჩვენი სატელევიზიო არქივიც მრავლად ინახავს.
ნაციონალური მოძრაობა მუხრან ვახტანგაძეს კრიმინალის მფარველობაში ადანაშაულებს
ბათუმელი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია 68-ე ოლქშიც. ოთხი წლის შემდეგ ამბობენ, რომ არჩევანში შეცდნენ, რომ ფატი ხალვაშმა, 2016 წელს მათი ხმები მხოლოდ საკუთარი მიზნისთვის გამოიყენა.
ბათუმს პარლამენტში კიდევ ერთი მაჟორიტარი ჰყავს - ამომრჩევლისთვის ლევან იგივე ნუკრი ბეჟანიძე.
მოქალაქეებს 69-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არც მათი მაჟორიტარი ახსოვთ. პრინციპში, საიდან უნდა დაამახსოვრდეთ, როცა ლევან ბეჟანიძე, იმ დეპუტატების სიაში არაერთხელ მოხვდა, რომლებიც პარლამენტში სიტყვით ერთხელაც არ გამოსულან, ანუ მას მიკროფონი ერთელაც არ ჩაურთავს. ბათუმის მაჟორიტარს არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონია. ნუკრი ბეჟანიძემ ტრადიაცია არც მედიასთან დაარღვია და დღესაც, ჩვენს კითხვებზეც დუმილი არჩია.