15, ოქტომბერი 2020 17:58:00
ჯოჭოში, მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრები ისევ ხელვაჩაურის მერიის შენობასთან იმყოფებიან. ისინი დაშლას არ აპირებენ და ელოდებიან, როდის გამოჩნდება მათთან მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე. მათ სურთ, მოისმინონ პასუხი, რომ იგი მზად არის გადადგეს თანამდებობიდან. თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ მერიის შენობა, დაახლოებით საათნახევრის წინ, თანამშრომლების დახმარებით დატოვა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგობა უშედეგო აღმოჩნდა. მეწყრის შედეგად დაღუპული მოზარდის დეიდას სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ დროისთვის, მერიის შენობაში მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მერის გადადგომასთან ერთად, დაღუპული ოჯახის წევრები იმ გეოლოგების პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ, რომლებმაც დასკვნაში დაწერეს, რომ ტერიტორია საცხოვრებლად უსაფრთხო იყო.