21, იანვარი 2017 11:45:00
კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით გონიოში მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები შპს „ჯორჯიან ბილდინგისგან“ დაახლოებით 80 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვენ. ბათუმის მერიის წყალკანალიზაციის სისტემის გამართვის პროგრამის თანახმად, 50-მდე პირმა კონტრაქტორ კომპანისთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გონიოს ციხის მიმდებარედ მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები განახორციელეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წინააღმდეგ დასაქმებულებმა სასამართლოს უკვე მიმართეს. გულგრილობა და უპასუხისმგებლობა - ფაქტს ასე აფასებენ მესამე სექტორში.
მას შემდეგ, რაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა შპს „ჯორჯიან ბილდინგს“ ხელმძღვანელი შეეცვალა, შესაბამისად თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურების გარეშე დარჩნენ. ახალი დირექტორი კი აცხდებს, რომ დღეისათვის მას თანამშრიომელთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვს, გამომდინარე აქედან მათ წინაშე ვალდებულებები არ გააჩნია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მსგავს ქვეკონტრაქტორი კომპანიების საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ და მსგავს სიტუაციაში მოქალაქეებმა სასამართლოს უნდა მიმართონ.