10, ნოემბერი 2020 17:59:00
სასტიკი მკვლელობა ბათუმში. შუახნის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დაახლოებით, 2 დღის წინ მოხდა. მეზობელთა ინფორმაციით, ქალს დაზიანება გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. რა გახდა მკვლელობის მოტივი და რა ვერსიებზე საუბრობენ მეზობლები? ნინია მესხიძე არკვევდა თემის დეტალებს.
საზარელი შემთხვევა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 2 დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა, შუახნის ქალი, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. მოკლულს, მრავლობითი ჭრილობა, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები ყვებიან, ბელორუსიელი ქალი მარტო ცხოვრობდა და საქართველოში 2 წლის წინ ჩამოვიდა.
მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ცხედარი იმ დროს იპოვეს, როცა მოკლული ქალის ერთ-ერთი მეგობარი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.
მეზობლები ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა მკვლელობა ძარცვას უკავშირდებოდეს, რადგან მათივე თქმით, გარდაცვლილს, სახლში დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ჰქონდა, თუმცა ამ ვერსიას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
რა გახდა მკვლელობის მოტივი უცნობია. გომელაურის უწყება ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. მომხდარზე გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.