22, იანვარი 2017 11:04:00
საქმისადმი სიყვარული და მონდომება - ეს არის მთავარი იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო. სწორედ ასე დაიწყო ერთი წლის წინ მცირე ბიზნესი სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა რუსუდან კონცელიძემ.
ვიდრე ამ საქმიანობას დაიწყებდა ქალ ფერმერს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა. ფერმის წარმოების გაზრდის მიზნით მან "აწარმოე საქართველოს" გრანტით ისარგებლა. თავდაპირველად 300 ფრთა ბროილერის ჯიშის წიწილა ჰყავდა, მოგვიანებით კი ფრინველებისთვის კაპიტალური შენობა ააშენა, სადაც დღეისათვის 3000-ზე მეტი ქათამი იზრდება.
შესაბამისი საკვები, ტემპერატურა და რაც მთავარია ყურადღება, რუსუდან კონცელიძის ფერმა ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს. ქალი ფერმერის თქმით, მათი მოვლა საკმაოდ შრომატევადია. ფრინველების შენახვისთვის ყოველთვიურად 15 ათას ლარზე მეტია საჭირო, როცა წიწილები 35 დღეს სცილდება გასაყიდად ამზადებს.
რუსუდან კონცელიძესთან ერთად, ფერმაში კიდევ რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, მათ შორისაა მისი ოჯახის წევრებიც. ფერმერები ქათმის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. მათი თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნა სადღესასწაულო დღეებშია.
გამოცდილებასთან ერთად რუსუდან კონცელიძეს ამ საქმიანობისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია აქვს. ქალი ფერმერი საწარმოს კიდევ უფრო გაფართოვებას გეგმავს.
რუსუდან კონცელიძე ასევე, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის აქტიური წევრიცაა. იმედი აქვს, რომ ქალების გააქტიურების მიზნით სახელმწიფო ახალ პროექტებს აამოქმედებს.