31, დეკემბერი 2016 13:27:00
წლის ყველაზე გრანდიოზული დღესასწაულისთვის ფუსფუსი ადრიანად დაიწყო მეხეშიძეების ოჯახში. პატარები თოვლის ბაბუას წერილებს წერენ, შემდეგ კი ნაძვის ხეს რთავენ. ოჯახის დიასახლისი საახალწლო სუფრის სამზადისს იწყებს. ქალბატონი მაია ტრადიციულ კერძს - სინორს ამზადებს.
ხულოში, ტრადიციულად, ახალი წლის სუფრა უხვი უნდა იყოს, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიმინდს. მარცვლეული ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევა. საახალწლო სამზადისში საკუთარი წვლილი შეაქვს ლეილა ბებოსაც.
გარდა ტრადიციული კერძებისა, მაღალმთიან აჭარაში ჯერ კიდევ მკაცრად იცავენ მამა-პაპისგან შემონახულ ადათ-წესებს. ტრადიციული ჩვეულებები ზედმიწევნით სრულდება მეხეშიძეების ოჯახში.
ისევე - როგორც მთელ საქართველოში, ხულოშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეკვლეს. რწმენის თანახმად, მთლიანად მეკვლეზეა დამოკიდებული ოჯახის წარმატებები და ზოგადად - მთელი წლის სპეციფიკა. მეხეშიძეებიც მეკვლეს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ და ოჯახში საგანგებოდ იწვევენ.
მეკვლემ მასპინძლებს, ტკბილეულთან ერთად, კვახი უნდა მოართვას, რადგან იგი ბარაქის სიმბოლოა.
კვახი და სიმინდი მოხარშულია, სინორიც მზადაა. სადღესასწაულო სუფრის გაშლა იწყება. ოჯახის უფროსი სასმისებს ავსებს და პირველ სადღეგრძელოს ამბობს.
მეხეშიძეებს სჯერათ, რომ ახალი წელი ისეთივე იქნება, როგორი განწყობითაც შეხვდებიან მას. ამიტომ ოჯახი წლის პირველ წუთებს განსაკუთრებული სიხარულითა და საუკეთესოს მოლოდინით ეგებება.