„პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი“- „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა რამდენიმე დღის წინ პარტია დატოვა. ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ახლად დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია მისი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. ოლიგარქი ირწმუნება, რომ მართვის სადავეებს სრულად ჩამოსცილდა. არადა ქვეყანა არაერთი გლობალური პრობლემის წინაშე დგას და მათ შესახებ თქვენთვის არაერთხელ მოგვიყოლია. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული „სერიოზული“ და „პრინციპული“ დაპირებების არასრულ ჩამონათვალს, რომელიც არ შესრულდა, დღეს, აჭარის კონტექსტში განვიხილავთ.
ტყუილის ეპოქის დასრულებას დაგვპირდა, თუმცა თავი თავადაც ცრუ დაპირებებით დაგვამახსოვრა. დღეს, სახეზე შეუსრულებული პირობა გაცილებით მეტია, ვიდრე შესრულებული. მმართველობის 8 წლის თავზე, ლარი გაუფასურებულია, გაზრდილია ელექტროენერგიის საფასური, კვლავ გრძელდება რუსული ოკუპაცია და უმუშევრობა ქვეყანაში ისევ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს დაემხვა ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ქუჩაში გამოსვლებს. ოლიგარქის დაპირება იყო, რომ მორწმუნეების ინტერესს დაიცავდა და ახალ სამლოცველოს, საკუთარი ფულით ააშენებდა. ადგილობრივი მუსლიმები წლების შემდეგ, ისევ ღია ცის ქვეშ ლოცულობენ.
2016 წელს, ბიძინა ივანიშვილი, გონიოს ყოფილი მეურნეობის მცხოვრებლებს, წინა ხელისუფლების დროს, ჯერ დაკანონებული და შემდეგ ჩამორთმეული მიწების ხელახლა რეგისტრაციასაც ჰპირდებოდა. რეალობა აქაც უცვლელია.
ოლიგარქს, მაშინ არც იპოთეკარები ავიწყდებოდა. არწმუნებდა მათ, რომ ბანკი „ქართუ“ დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს გასცემდა. ოჯახებმა ვერც ერთი სიკეთით ისარგებლეს. დაპირებიდან მალე, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მისივე გაცემული პირობა უარყო.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, „ქართული ოცნება“, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასახელებდა. ჩამონათვალში იყო, ხულო-ადიგენის დამაკავშირებელი გზის მოწესრიგებაც. დაპირებიდან რამდენიმე წელი გავიდა, მაგისტრალი კი ისევ ავარიულია.
გამარჯვებისთვის სჭირდებოდა და ივანიშვილის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი იყო სოფლისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებაც. ფერმერებს მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდა. წლებმა სხვა აჩვენა. ბოლო 8 წლის მანძილზე, სოფლებიდან ადგილობრივები ქალაქში აქტიურად გადმოსახლდნენ. სახელმწიფო ეკომიგრაციასაც ვერ გაუმკლავდა.
ჩამოთვლილი, შეუსრულებელი დაპირებების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. ოლიგარქს მიაჩნია, რომ მისია შეასრულა და მართვის სადავეები თანაგუნდელებს, სიამაყით ჩააბარა. აღნიშნა, რომ ქართული წესით, როგორც წამსვლელმა კაცმა, მხოლოდ მადლობა უნდა გადაიხადოს და დამრჩენებს სიკეთე უსურვოს. ასეც მოიქცა.