22, იანვარი 2021 21:30:00
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა მმართველ გუნდთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო. შევა თუ არა ალეკო ელისაშვილი საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში? დასაფიქრებლად პარტიის ლიდერს ერთი კვირა დარჩა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელისაშვილმა განმარტა, რომ მიუხედავად შეუთანხმებლობისა, მოლაპარაკებების გაგრძელებას მაინც აპირებს. „ქართულ ოცნებაში“ კი უკვე მოლოდინი აქვთ, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში იხილავენ.
ალეკო ელისაშვილმა პოზიციების გასარკვევად მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალურად დაიწყო. პირველი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. პარტიის ლიდერს სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე ფიქრისთვის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ერთი კვირა აქვს. პოლიტპატიმრების თემა, საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ელისაშვილმა და იოსელიანმა არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან განიხილეს.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ელისაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება პოლიტ პატიმრების არსებობას არ აღიარებს. ამგვარი პასუხის მიუხედავად, იგი "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრების გაგრძელებას მაინც აპირებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, ასევე შეუთანხმებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მათთვის პრინციპული დეტალებიც.
შეხვედრის შემდეგ ქართულ ოცნებაში მოლოდინი აქვთ, რომ პარტია მოქალაქეებს პარლამენტში იხილავენ. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზაობა არის, რაც შეთანხმების საფუძველს იძლევა.
დანარჩენი ოპოზიცია პარტია ,,მოქალაქეებს“ მათთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარ განიხილავს. ამბობენ, რომ მათ პოზიციაზე გავლენას პარტია მოქალაქეების გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს. ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ელჩების თანდასწრებით და ისიც მაშინ შეხვდებიან, როდესაც ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად იქნება. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ისევ უცვლელი პირობაა.
ალეკო ელისაშვილმა ქართულ ოცნებასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გუშინ გამოთქვა. მანამდე კი "მოქალაქეების" ლიდერებმა ევროპული საქართველო" ოცნებასთან მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა. ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ ელისაშვილი ამ განცხადებებით "ქართული ოცნების" დაკვეთას ასრულებს და პარლამენტში შესვლა სურს.