19, თებერვალი 2021 21:30:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელიც 14 წლის გოგოს ეხება, ყველას ნათლად დაგვანახა,რომ საქმეს 2 მსხვეპლი ჰყავს, არასწრულწლოვანი, რომელზეც იძალადეს და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა და დედა, რომელზეც ასევე ზეწოლას ახდენდნენ. ფაქტია, რომ ქალის უფლებები საქართველოში შეზღუდულია და გაძლიერებას საჭიროებს, ამისთვის კი ქვეყანას არაერთი დოკუმენტი და რესურსი აქვს. მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობები. როგორ მუშაობს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო და რა გააკეთა უთანასწორობის აღმოსაფხვრელად? როგორც აღმოჩნდა დიდი ვერაფერი. ღონისძიებების დიდი ნაწილი გადადო, ნაწილი გააუქმა და ისინი არაფრისმომცემი და გრძელვადიან პერსპექტივაში უშედეგო აქტივობებით ჩაანაცვლა.
ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში, საბჭომ მხოლოდ ისეთი სამუშაო გასწია, როგორიცაა დადგენილების მომზადება და დამტკიცება, საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების წესის განსაზღვრა, წევრთა ფუნქციების გადანაწილება და საკრებულოს ვებგვერდზე საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება. საბჭოს წევრებისთვის ასევე ჩატარდა ექვსი ტრენინგი.
მიუხედავად იმისა, საბჭოს სამოქმედო გეგმა საკმაოდ ვრცელია, პანდემიის მიზეზით, 2020 წელს 35 ღონისძიება გადაიდო. მიუხედავად იმისა, შესაძლებელი იყო ქალებსა და გოგონებზე ძალადობის, ასევე სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ონლაინ რეჟმში ემუშავათ, საბჭოს არაფერი გაუკეთებია. ნატალია ზოიძე დღეს ირწმუნება, რომ გადაიდო ისეთი საკითხების განხილვა, რომლებიც უშუალო ჩართულობას მოითხოვდა.
ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, "ფაქტ-მეტრმა" შეისწავლა. აქ ამბობენ, რომ საბჭოს სამუშაო გეგმა და საქმიანობა, ფრაგმენტული და არასისტემურია, რაც მოსახლეობის ცნობიერების დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს. ნაზი რეხვიაშვილის შეფასებით, საბჭოს მუშაობის აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო 9 თებერვალს გახდა, როცა 14 წლის გოგოს ტრაგედიის მომსწრე გავხდით.
ბათუმის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ახლა უკვე ზუსტად იცის, რომ ეფექტური მუშაობისთვის, გეგმა შესაცვლელი აქვს. ნატალია ზოიძე ამბობს, რომ უნდა გადაახალისოს ყველა ღონისძიება და მეტად მორგებული გახადოს საჭიროებებზე, შესაბამისად, ახალ გეგმას მოარგოს ბიუჯეტიც.
თანხა, რომელიც გასულ წელს ვერ აითვისა, ამბობს, რომ წლის ბოლოს მარტოხელა დედების ერთჯერადი დახმარებისთვის დახრაჯა. რა თანხა ჰქონდა, არ ახსოვს. საბჭოს თავმჯდომარეს არც დღეს აქვს იმფორმაცია იმის შესახებ, რა ოდენობის თანხა აქვს იმ გეგმის გასახორციელებლად, რომელიც ჯერ უნდა გადაახალისოს და შემდეგ, წლის განმავლობაში განახორციელოს.