22, თებერვალი 2021 21:15:00
ამბასადორის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ბათუმში. "მე მიყვარს ბათუმის“ წევრებმა ობიექტს წრე შემოარტყეს და სამუშაოების შეჩერება სცადეს. მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. სურდათ, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა. მთავრობის თავმჯდომარე მათთან არ გამოჩნდა. აქტივისტები, ადმინისტრაციულ შენობაში არც პოლიციამ შეუშვა. რა ხდებოდა აქციაზე, ვნახოთ რეპორტაჟი.
ამ შენობასთან, სხვადასხვა ფორმით პროტესტს „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები უკვე რამდენივე თვეა გამოხატავენ. ამბობენ, რომ მშენებლობა, რომელიც უნებართვოდ მიმდინარეობს, ბულვარის იერსახეს ამახინჯებს. დღეს, აქციის მონაწილეებმა ღობეს წრე შემოარტყეს და სამშენებლო სამუშაოების შეჩერება სცადეს.
ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა 26 სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ვერ შეაჩერეს, თუმცა შენობასთან მდებარე სკამებს ადგილი შეუცვალეს. თქვეს, რომ ასე მოქალაქეეების უსაფრთხოების დასაცავად მოიქცნენ.
დაპირისპირება არ ყოფილა. აქციის მონაწილეებმა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას მშვიდად მოუწოდეს, რიგით მოქალაქეებთან კონტაქტზე გამოვიდეს და მთავრობის თავმჯდომარისგან განსხვავებით მათი ინტერესები გაითვალისწინოს.
კომპანიის ხელმძღვანელობისგან უპასუხოდ დარჩენილებმა მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. თქვეს, რომ შუაგულ ბულვარში მიმდინარე მშენებლობაზე ნებართვა კორუფციული გარიგებების საფუძველზე გაიცა. კითხვები თორნიკე რიჟვაძესთან ჰქონდათ. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. პასუხად კი შემოუთვალეს, რომ ადგილზე არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ იმყოფებოდა, რომელიც მათ კითხვებს პასუხებს გასცემდა.აქტივისტების სატელეფონო ზარებს არც მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უპასუხეს.
აქციის მონაწილეები, ზღვისპირა პარკში მიმდინარე მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. ეს ის შენობაა, რომლის სახელს ბათუმის ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის სკანდალური შეტყობინება უკავშირდება, შინაარსით „არ ამოიღოთ ბატონო სულიკო ამბასადორი“