26, თებერვალი 2021 21:45:00
„მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - ასე ჰქვია საპროტესტო მარშს , რომელიც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამართეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე, საჯაროდ წაიკითხეს ნიკა მელიას წერილი, რომელიც მან მხარდამჭერებს ციხიდან გამოუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიზანი არა ერთი ადამიანის, არამედ ქვეყნის გამარჯვებაა.
საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს: შეწყდეს პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდეს ნიკა მელია და გიორგი რურუა და ჩაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. საზოგადოებას, დაგეგმილი მასშტაბური აქციების განრიგირც გააცნეს. 2 მარტს პარლამენტის, 5 მარტს კი კანცელარიის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ცხრა მარტის, აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 11-ში კი საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება. 13 მარტს მონაწილეები, ისევ პარლამენტთან დაბრუნდებიან.
ამ შეძახილებით ოპოზიციის საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან კანცელარიასთან გადაინაცვლა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოთხოვნები პრემიერ-მინისტრის და მთავრობის კაბინეტის წევრების გასაგონადაც გააჟღერეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი და "ქართული ოცნება" ქვეყანას ბოლშევიკური მეთოდებით მართავს, რასაც არ დაუშვებენ. მათ, რუსთაველის გამზირზე ცხოველი მელია დახატეს და წარწერები " თავისუფლება" დატოვეს.
მსვლელობას, სხვადასხვა ლოკაციაზე, პარტია "ლელო საქართველოსთვის" და "ევროპული საქართველოს" წევრებიც შეუერთდნენ.
ოპოზიციის მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში" და უარყოფენ, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია. მმართველი გუნდი, კატეგორიულად გამორიცხავს, ვადამდელ არჩევნებს და ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს.
საერთო პროტესტი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები, არც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აღიარებენ და ვადამდელ არჩევნების ითხოვენ.