31, მარტი 2021 21:05:00
85 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ტვ25-მა ტანია გორგილაძის გასაჭირის შესახებ გააშუქა, დახმარება უამრავი ადამიანისგან მიიღო. დღეს მას ფაქტობრივად აღარ დარჩა სასესხო ვალდებულება, შეძლო თბილ ოთახში დაძინება და აქვს ელემენტარული საყოფაცხოვრებო ტექნიკაც, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, მოხუცებულ ქალს ქუჩა-ქუჩა მოწყალების თხოვნა აღარ უწევს. რა ძალა აქვს ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობას, ერთი გმირის მაგალითზე,
ეს კვამლი ყველასთვის ცნობილი, ტანია გორგილაძის ღუმელიდან ამოდის. ერთი თვის წინ მას ცეცხლის დასანთებად შეშაც კი არ ჰქონდა. მოუწესრიგებელ, ძველ ოთახში, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები არ იყო, უკვე, ყველაფერია. 85 წლის ქალს, ჩამტვრეული ტახტის ნაცვლად, ახლა, რბილ საწოლზე სძინავს. კედლები და იატაკიც განახლდა. ახალია შესასვლელი კარიც.
ტანიას სახლის მოწესრიგებაში მეზობელი დაეხმარა. თავადაც სოციალურად დაუცველია. მოძველებული და სიცოცხლისთვის საშიში ელექტროგაყვანილობის გამართვაც, მოხუცის თქმით, მეზობელის დამსახურებაა.
გარდა საოჯახო ნივთებისა, ტანიას სამედიცინო გამოკვლევებიც, უფასოდ ჩაუტარდა. დაენიშნა მკურნალობის კურსი. ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები და ინჰალაციის აპარატიც დახმარების სახით მიიღო.
მას შემდეგ, რაც ტანიას ყოვფელდღიურობა გაშუქდა, მოწყალების სათხოვნელად აღარ დადის. ეს იმიტომ, რომ როგორც თავად გვიყვება, ასობით ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა. მთავარი მიზეზი რის გამოც მოხუცი ქუჩაში იდგა, შვილის ვალის გადახდა იყო. მოქალაქეების დახმარებით, მას ეს პრობლემა, ნაწილობრივ, მოუგვარდა.
ტანია გორგილაძის შესახებ ინფორმაცია, ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ტვ25“-ის საშუალებით, ერთი თვის წინ, გაშუქდა. „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე, 85 წლის ქალის დასახმარებლად, სულ 10 ათას 300 ლარი შეგროვდა. თუმცა, მოხუცის პრობლემები, ამით, არ დასრულებულა. ამბობს, რომ 5 ათასი დოლარის ოდენობის თანხა ჯერ კიდევ ვალად აქვს. მოხუცს ქუჩაში მოწყალების თხოვნა, ისევ, რომ არ დასჭირდეს, დახმარების მსურველებს, მისი პოვნა, ბათუმში სულაბერიძის 57 ნომერში შეგიძლიათ.