14 ოპერაცია და ორივე ფეხის ამპუტაცია - 31 წლის კაცი გაუსაძლის პირობებში კიდევ 2 შშმ პირთან ერთად ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები დახმარებას იღებენ, თუმცა იმდენად რთულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მედიკამენტების შეძენასაც ვერ ახერხებენ. ერთადერთი რაც შაქარიშვილს სახელმწიფოსგან სურს, ელექტრო ეტლია. ჯანდაცვის სამინისტროში კი უარს , ცოტა უცნაური მიზეზით ეუბნებიან.
31 წლის არჩილ შაქარაშვილისთვის, ეტლი განუყოფელი ნაწილად, უკვე, 3 წელია იქცა. 10-ზე მეტი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი ცხოვრება, 180 გრადუსით, 2012 წელს შეიცვალა, როცა სიმაღლიდან ვარდნისას კიდურები დაიზიანა.
ვიდრე ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებას დაიწყებდა, მექანიკური ეტლი მისთვის კომფორტული იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ხელის შემშლელი ფაქტორი, კიდურების არ ქონასთან ერთად, შშმ პირებისთვის არაადაფტირებული გარემო გახდა. ამბობს, რომ ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, პრობლემის სიმწვავეს უფრო მეტად ამძაფრებს.
არჩილი სპორტული ცხოვრებითა და სხვადასხვა აქტივობებითაა დაკავებული. საქმიანობისთვის საჭიროების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს ყველგანმავალი ანუ ელექტრო ეტლისთვის მიმართა, თუმცა, ამაოდ. მისი თქმით, უწყებაში დაფინანსებაზე უარი მხოლოდ, იმის გამო უთხრეს, რომ ზედა კიდურები ჯანმრთელი აქვს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და ქალაქის მერიამ, არჩილს, მხოლოდ სტანდარტული ეტლის თანხა დაუფინანსეს. ორმა უწყებამ ერთობლივად, შშმ პირს გადაადგილების ისეთი საშუალება გადასცეს, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე განსაზღვრულია. 31 წლის ბიჭს,რომლის ოჯახში სულ სამი შშმ პირი ცხოვრობს, ელექტრო ეტლი მეტი შესაძლებლობებისთვის სჭირდება. ყვება, რომ სახელმწიფო დახმარება, რომელსაც მდგომარეობის გამო იღებენ, საკვებისთვისაც კი არ ჰყოფნით.
„იმისათვის, რომ შშმ პირებმა თავი სამართლიან გარემოში იგრძნონ, სახელმწიფომ პროგრამა უნდა შეცვალოს“- აცხადებენ, შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში. თომა კაკაბაძის თქმით, ადამიანები, რომლებსაც ზედა კიდურებზე შეზღუდვა არ აქვთ, ელექტრო ეტლს მაინც საჭიროებენ. ამბობს, რომ რეგიონში ასეთი პირების რაოდენობა იმდენად დიდი არაა, რომ სახელმწიფოს მათი უზრუნველყოფა გაუჭირდეს..
ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ თუკი პირს, სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული დაზიანება არ აღენიშნება, ელექტრო ეტლს არ გადასცემენ. მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისად, რატომ არ იცვლება კანონი? უწყებაში კითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა. პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ შშმ პირმა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი უნდა წარმოადგნოს. რის შედეგადაც შესაძლოა განიხილული იქნას , ელექტრო- ეტლის დაფინანსების საკითხი.
არჩილ შაქარიშვილის თქმით, ქალაქში ბევრი შშმ პირია, რომელსაც სხვადასხვა საჭიროებები აქვთ, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო მათ არ უზრუნველყოფს. უწყებაში ის სტატიტიკაც კი არ მოიპოვება, რამდენი შშმ პირია რეგიონში.