08, ივნისი 2021 21:48:00
7 წევრიანი ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში. სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები, წლებია, ყოველი გაწვიმებისას შიშით იძინებენ. შიშით იმისა, რომ სახლი ერთ დღეს შესაძლოა საძირკვლის გარეშე დარჩეს. ცხომელიძეები ამბობენ, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერიამ მათ დახმარება არ გაუწია. ნინია მესხიძე გიამბობთ, გაითვალისწინებს თუ არა ამჯერად, ოჯახის მოთხოვნას ქათამაძის უწყება.
ეშინია, რადგან არ იცის, როდის გამოაცლის წვიმა, სახლს, საძირკველს. გვიყვება, რომ უამინდობისას, საცხოვრებლის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. 7 წევრიან ოჯახს, მწირი მატერიალური მდგომარეობის გამო, იმის საშუალება არ აქვს, რომ საძირკველი, საკუთარი სახსრებით შეაკეთოს.
ხატიას მტკიცებით, მუნიციპალიტეტის მერიამ, ოჯახის მდგომარეობის შესახებ კარგად იცის. მისივე თქმით, დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს. უწყებაში უთხრეს, რომ საკითხი შესწავლილი აქვთ და პრობლემას, მალე აღმოფხვრიდნენ, თუმცა, ცხომელიძეები, ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან.
7 წევრიანი ოჯახი საფრთხის ქვეშ რომ ცხოვრობს, ამბობენ მეზობლებიც. თამარ ბლადაძის თქმით, საძირკველი, სახლის ორივე მხარეს ზიანდება და უამინდობისას, მასშტაბი იზრდება.
ცხომელიძეების პრობლემას რომ კარგად იცნობენ, ადასტურებენ ქობულეთის მერიაში. დავით ვერულიძისმტკიცებით,უწყება, უახლოეს მომავალში ფერდსამაგრ სამუშაოებს განახორციელებს, რისთვისაც 18 ათას ლარიანი პროექტი უკვე შესყიდული აქვთ.
რატომ არ გაიყვანეს ქირით მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები 7 წევრიანი ოჯახი, ვიდრე მერია ფერდსამაგრ სამუშაოებს განახორციელებს? დავით ვერულიძის განმარტებით, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ამის საჭიროება არ არსებობს.