21, ივლისი 2021 21:45:00
ადაპტირებული ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს. ხულოში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე პირი, ადგილობრივი თვითმმართველობიდან სასურველ შედეგს წლებია უშედეგოდ ითხოვს და სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, არსებული ვითარების შესახებ ქვეყნის მთავარსარდალს აცნობოს. იმედა ბოლქვაძე ფიქრობს, რომ მოწყვლადი ჯგუფების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელო და შეუმჩნეველია. დაინტერესდება თუ არა ხულოს მერია?
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე პირი, ხულო - ბათუმის მიმართულებით, ადაპტირებული ტრანსპორტის დანიშვნას პრეზიდენტსა და პრემიერს სთხოვს. იმედა ბოლქვაძემ, თხოვნა წერილობით, მთავრობის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. იმედოვნებს, რომ სასურველ შედეგზე გავა და უმაღლესი თანამდებობის პირები, მის თხოვნას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.
სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის გარემო, რომ არაადაპტირებული და პრობლემურია, ამას არაერთი საერთაშორისო დასკვნაც მოწმობს. იქედან გამომდინარე, რომ პრობლემა რამდენიმე მოქალაქეს აწუხებს და დიდ მასშტაბებზე არ გადის, საკითხი ხშირად თვითმართველობების სამოქმედო გეგმაში ვერ ხვდება. მერიები, პროექტის განხორციელებისას აქცენტს, ბენეფიციართა სიმრავლეზე აკეთებენ. ხელისუფლების მიერ, სპეც საჭიროების მქონე მოქალქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობა კი, მათ კიდევ უფრო აზარალებს.
მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულირება ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანას, ფიზიკური პირები მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ, მათ სამოქმედო გეგმას, ხულოს თვითმართველობა უწესებს. კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას და რას აკეთებს ხულოს საკრებულო სპეც საჭიროების მქონე პირების გადაადგილებს პრობლემის გადასაჭრელად? ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ასე გვპასუხობს:
პრობლემის მოსაგვარებლად, ხულოს მერის მოადგილე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი მიმართულება კი საგრანტო განაცხადია, რომლის დაფინანსებაზეც გადაწყვეტილებას, შესაბამისი ორგანიზაცია იღებს.
მოუგვარდებათ თუ არა გადაადგილების პრობლემა აჭარის მთიანეთში მცხოვრებ სპეც საჭიროების მქონე მოქალაქეებს, ეს თვითმართველობების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუმცა, მათთვის მოწყვლადი ჯგუფების პრობლემა ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი ან რეაგირების გარეშე რჩება.