05, აგვისტო 2021 11:05:00
15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული საპატიმროდან გათავისუფლდა. ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, მარიანა ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა. მან პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
ჩოლოიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს.
გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და იგი ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილება ორ პოლიციელს შეუწყდა.