14, სექტემბერი 2021 12:40:00
„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სწორად მართვაზე; რა თქმა უნდა, ჩვენ მივისწრაფვით, რომ ეტაპობრივად, ქვეყანამ შეძლოს ადგილობრივი წარმოების განვითარება და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს იმპორტირებული საქონელი და ამას სჭირდება ძალიან თანმიმდევრული, სწორი მუშაობა და სტაბილურობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ტურიზმის მიმართულებით აქვს ძალიან ამბიციური გეგმები.
„ყველა მუნიციპალიტეტზე იქნება სწორად მორგებული, სწორად დამუშავებული გეგმები და პროექტები. მათ შორის, ჩვენ აღვადგენთ ყველა ძველ კურორტს და ასევე, ახალ ტურისტულ ცენტრებს შევქმნით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ქვეყანაში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებელი ჩამოვიდეს. ჩვენ წელს გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ახლა, რაც მართლაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახსნილიყო, სწრაფად მომხდარიყო ეკონომიკის აღდგენა, თუნდაც ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით. დაახლოებით მილიონ-ნახევარი ვიზიტორი გვყავდა ჩვენ წელს უკვე და რაც მთავარია, ამ მიმართულებით გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ დაკეტილიყო ქვეყანა. ამისთვის შემოვიტანეთ ვაქცინებიც, მილიონობით ვაქცინა შემოვიდა, ყველა სახის, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი და მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის სწორედ არჩევანის მიცემა, არჩევანის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როცა აძლევ არჩევანს მოქალაქეს და თავად ირჩევს, თავად წყვეტს, რა უნდა გააკეთოს - გაიკეთოს ვაქცინა, თუ არ უნდა გაიკეთოს, როგორი ტიპის ვაქცინა უნდა გაიკეთოს.