14, სექტემბერი 2021 14:11:00
„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა, 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ათას 126 ფეისბუქ პოსტი გააანალიზა. დაასკვნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე, 32 პოლიტიკური პარტიის, 263 ოფიციალური ორგანიზაციული Facebook გვერდი იყო აქტიური. მათგან უმრავლესობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ეკუთვნოდა. გვერდების უმრავლესობაზე არ ქვეყნდებოდა პარტიის აღმნიშვნელი მასალა, მაგრამ აქტიურად ზიარდებოდა პრემიერ-მინისტრის კამპანიები მუნიციპალიტეტებში. გამოიკვეთა, რიგი მუნიციპალიტეტების ოფიციალური გვერდების კავშირი კონკრეტულ კანდიდატებთანაც. გამოვლინდა 52 საჯარო მოხელე 29 მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც სამუშაო საათებში ჯამში, 118 სააგიტაციო პოსტი გამოაქვეყნეს. მათი უმრავლესობა, ასევე „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ იყო. მმართველი გუნდის წინააღმდეგ ორგანიზებულად 20 გვერდი მოქმედებდა, რომელთა ნაწილიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა“. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი მოქმედებდა.