06, ოქტომბერი 2021 17:25:00
ეს არის პენიტენციური დაწესებულება და არა სასტუმრო - პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს კიევში მოუწია განმარტებების გაკეთება რატომ არ აძლევს პარლამენტარებს უფლებას მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.
კახა კუჭავა ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. მისივე თქმით, ციხეში ერთ დღეს ვერ შევა ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს.
"იმ რაოდენობის, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, სადაც უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, უსაფრთოხების ზომებიდან და პენიტენციური სისტემის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ არც ხვალ ვაპირებ, ვინმეს უარი ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება დღეში მომნახველების ზომიერება.
ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა, შესაბამისი წესებით ხდება, ნებისმიერ დროს შედის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრიც. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში შეძლებს შესვლას ყველა, ვისაც შესვლა უნდა, ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა რაღაც სასტუმროზე, სადაც ლობში შეუძლიათ, ისაუბრონ. ყველა შევა, მოთხოვნები გადანაწილდება და მათ შეეძლებათ, თავიანთი გუნდის წევრი მოინახულონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.