12, ოქტომბერი 2021 21:39:00
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ყველა რეგიონის განვითარება გადაწყვიტა, დიადმა პრემიერმაც არ დააყოვნა და ბათუმიდან დაიწყო. ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონის“ ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ბათუმში, გმირთა ხეივანში, მწვანე დერეფნის მოწყობა დაანონსა. გმირთა ხეივანს გმირულად მოვაწყობთო და ირგვლივ ტერიტორია ისე შემოღობეს, რომ ფეხთიმოსიარულეებს ქუჩიდან ქუჩაზე გადასასვლელად, ნამდვილად, გმირობა სჭირდებათ. ამგვარი მდგომარეობის გამო, მოქალაქეები გაოცებას ვერ მალავენ. მათი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა არა მხოლოდ დისკომფორტი - სახიფათოც კია.
საფეხმავლო ბილიკებისა და საავტომობილო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა აღარავის უკვირს. მაგრამ „ოცნება“ რის ოცნებაა დანაპირები რომ არ შეგვისრულოს და ჩვენს გაოცებას ყოველ ჯერზე ახერხებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდმინარეობს, კვირაში, სულ მცირე ათამდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. გმირთა ხეივანთან აღმართული ბარიკატების გამო კი, საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები ერთმანეთს ვერ ხედავენ, რაც ავარიების რისკს, კიდევ უფრო ზრდის. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ავარიები ხშირია და მსგავსი საკითხები მერიამ, აუცილებლად, უნდა გაითვალისწინოს.
რატომ იზღუდება ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი სივრცე და რატომ ზრდის გმირთა ხეივანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს? - ამ კითხვებით ბათუმის მერიას მივმართეთ. უწყებაში საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს.