07, ივლისი 2018 20:45:00
ქუჩის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხზე გადასასვლელი ხიდების დაგება და დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება - პრობლემებზე რეაგირებას ხახულის ქუჩაზე მცხოვრებლები წლებია ითხოვენ. დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობენ, რომ დასახელებულ პრობლემებთან ერთად, ყველაზე მეტად, ხახულის არხის მოუწესრიგებლობა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსისთვის, საკანალიზაციო სისტემისთვის დაგეგმილი სამუშაოები აწუხებთ. არხი ღიაა, ცხელ დღეებში უსიამოვნო სუნია, რასაც მწერების და ქვეწარმავლების სიმრავლე ახლავს თან. ბათუმის მერიაში დღეს მხოლოდ სიტყვიერი კომენტარით შემოიფარგლნენ. განაცხადეს, რომ დღის წესრიგში მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია დგას, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი, როგორც უწყებაში გვითხრეს ეტაპობრივად განხორციელდება.