ჩემი მასპინძელი, სათნო და კეთილშობილი ქალი მერი ბასილაძე ორი წლის იყო ოჯახთან ერთად საქართველოდან შუა აზიაში რომ გადაასახლეს უზბეკეთში, სოფელ ხაირაბადში.1944 წელს მოხდა ეს ამბავი.
უმაღლესი საბჭოს პრეზდიუმის 1956 წლის 28 აპრილის #135/42 დადგენილება გვამცნობს, რომ მერი ბასილაძე გახლავთ პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლი. ეს ფარატინა ქაღალდი სრულებით ვერ ამსუბუქებს ათიათასობით ტანჯულთა განვლილ ყოფას, მეტიც, ეს სამართლიანობის აღდგენა კი არა, ერთგვარი ცინიზმი იყო. მერისთან სტუმრად ყოფნისას როდესაც თავის სატკივარზე მიამბობდა, თვალებზე ცრემლს იმშრალებდა, მერე ისევ აგრძელებდა მოყოლას.
მერი ბასილაძე დაიბადა 1942 წლის 6 მაისს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, კოლმეურნის ოჯახში. 1950 წელს შევიდა შვიდწლიან სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საშუალო სკოლაში. აღნიშნული სკოლა 1961 წელს დაამთავრა. ერთხანს ჩაისუბნის კოლმეურნეობაში მუშაობდა მეჩაიედ. 1975 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1980 წელს მუშაობა განაგრძო ჩაისუბნის სკოლა-ინტერნატში დაწყებით მასწავლებლად. მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობა სათანადოდ დაფასდა.
1987 წელს მიენიჭ უფროსი მასწავლებლის,ხოლო 1997 წელს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. 1986 წელს გაიმარჯვა კონკურსში ,,წლის საუკეთესო მასწავლებელი" და გადაეცა დიპლომი.
ახლა კი ტკივილიანი ქალის ისტორია: ,,ზამთრის ცივ ღამეს (28 იანვარს ) მოვიდა მილიცია და ურემზე დაგვყარეს, წაგვიყვანეს ცხენების ეშელონში. ეს ისე სწრაფად ხდებოდა, რომ ვერ მოვსწარით თან რამის წაღება. ვერც ტანსაცმლის და ვერც იმ საჭირო ნივთების, რომელიც დამქანცველ გზაზე გამოგვადგებოდა. ყველაზე მწარედ მახსოვს ის წუთი, როცა მამაჩემმა სცადა ნალიაზე ასვლა და სიმინდის წამოღება, გზად საკვები რომ გვქონოდა... ძალით ჩამოიყვანეს მამა, მილიციამ არაფრის წამოღების უფლება არ მისცა და თან უყვიროდნენ, - ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის არისო.
მთელი ოჯახი დაგვსვეს ურემზე, გვაკლდა მხოლოდ ჩვენი ძმა, რომელიც თბილისში სწავლობდა და ვერ მოასწრო ჩამოსვლა, ერთმანეთს გზაში ავცდით. ოჯახში დაგვჩა შშმ ბებია, ვერ დადიოდა და არ წაიყვანეს. მეზობლები პატრონობდნენ მას. მე ყველაზე პატარა ვიყავი. დედაჩემმა აკვანი წამოიღო, რომ ჩავეწვინე, მაგრამ ეშელონი დაიძრა, აკვანი გადმოვარდა და გატყდა. ორმოცი დღე-ღამე დედაჩემს უბეში ვყავდი, რომ არ გავყინულიყავი.
ამდენი ხანი ვაგონში თითქმის მშივრები ვეყარეთ, როცა უზბეკეთში ჩაგვიყვანეს, საშინელი პირობები დაგვხდა - გველები, კოღოები, შხამიანი მკბენარები და წყალი, რომელის დალევა არ შეიძლებოდა პატარებისთვის. მე აქ ავიდგი ენა. როცა მომშივდებოდა უზბეკურ ენაზე მივმართავდი ადგილობრივებს და პურის ნატეხს ვთხოვდი.. ოჯახში ყველა დავსნეულდით, განსაკუთრებით მე. იქაურმა ჰაერმა და წყალმა კინაღამ ბოლო მოგვიღო. მამა იქ დამისნეულდა და საწყალი მუდამ დღე ღმერთს თხოვდა სამშობლოში ცოცხალი ჩამოსულიყო. როდესაც დავბრუნდით, მამა მალე გარდამეცვალა. დავრჩით ობლები დედის ამარა. ჩამოსულებს გვეშინოდა რომ ვიყავით რეპრესირებულნი, ყოველდღე ხიფათს და ფათერაკს ველოდებოდით. სკოლის ამხანაგებიც ბავშვურად აბუჩად გვიგდებდნენ. მილიციის ხსენებაზე შფოთვები მემართებოდა. რამდენჯერმე ვუნახივართ დედაჩემს კარადაში დამალული.
ძნელია მორჩენილი იარების გახსენება, მტკივნეულია,როცა ორი წლის პატარას პოლიტპატიმარი გქვია. იმასაც გეტყვით, რომ მაშინ ჩემი ტოლები ვაგონში იხოცებოდნენ და მკვდრებს გარეთ ჰყრიდნენ. მე დედაჩემმა უბით გაზარდა"...
მინდა ქალბატონ მერის ჯამრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. ვამაყობ ასეთი ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ ყოველგვარი გაჭირვების გადალახვა და სიყვარულის გაცემა სხვებისთვის, მიუხედავად ყველაფრისა, არ გაბოროტებულან. პირადად ჩემთვის ქალბატონი მერი გმირია...
[მარიამ დუმბაძის ბლოგი] სტაჟიორი
მასალა მომზადებულია ინტერნიუსი-საქართველოს და ინტერნიუსის პროექტის "ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი" ფარგლებში შვედეთის დაფინანსებით.