06, ნოემბერი 2019 21:05:00
ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების, რიგით მე-13, საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც მიესალმა. ორ დღიან ფორუმს თავდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ესწრებიან. შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰიბრიდულ ომზე ისაუბრეს.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე და მათი გამწვავების საფრთხეებზე ისაუბრა. მან საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
კონფერენციაზე, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად ოკუპაციასთან ერთად, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი დასახელდა. არსებული საფრთხეების პრევენციად, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაფიო მხარდაჭერის იმედი გამოთქვეს.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა. ადამ კინზინგერმა ამერიკაში არსებული ორ პარტიულობის ფონზე ხაზი გაუსვა იმას, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კუთხით ერთ აზრზე არიან.
ორ დღიან ფორუმს თავდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ესწრებიან. კონფერენცია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის აზრთა გაზიარებისთვის, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის თაობაზე, საუკეთესო პლატფორმად შეფასდა.