08, ნოემბერი 2019 17:21:00
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. ამ წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული. ასევე, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე-ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.