13, ნოემბერი 2019 20:50:00
საპროტესტო აქცია თამბაქოზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებს შორის იმ რეგულაციებმა გამოიწვია, რომელიც სულ რამდენიმე დღეში უნდა ამოქმდდეს. ახალი წესები კულტურის დაფასოებასა და ქარხნული წესით დამუშავებას ითხოვს, რაც დამატებით ხარჯებთან და ფიზიკურ შრომასთანაა დაკავშირებული. ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით მათ ულუკმაპუროდ ტოვებს.
მოსახლეობასა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოყვა. აჭარის მთის სამი მუნიციპალიტეტის, მოსახლეობამ თამბაქოზე აქციზის დაწესება გააპროტესტა. აცხადებენ, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებით ხელისუფლება მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს და მის გაუქმებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები, რომელიც 21 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს, მის სპეციალურად დაფასოებას მოითხოვს, ქარხნული წესით დამუშავება კი დანადგარებს, დამატებით ხარჯებსა და მეტ ფიზიკურ შრომას საჭიროებს.
აქციის მონაწილეებს ქედის მერი შეხვდა, რომელმაც შეკრებილებს განუცხადა, რომ საკითხზე სამუშაო შეხვედრები დაგეგმილი იყო მთავრობაში და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ქედაში იმყოფებოდა უფლებადამცველიც. თამაზ ბაკურიძის შეფასებით, არსებული ფონი, რასაც ხელისუფლება ქმნის ამ კულტურის განადგურებას გამოიწვევს, რასაც სოფლების მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვება.
აქციზის გაუქმების მოთხოვნასთან ერთად, შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ფერმერების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და თამბაქოზე აქციზის გადასახადს არ გააუქმებს, ადგილობრივები აქციების გამართვას, აჭარის მთავრობის სახლთან აანონსებს.