გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად. მეოთხედ ჩატარებულ კონკურსზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდმა დღეს ხელმძღვანელი კენჭისყრის მეორე ტურზე აირჩია. მან მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ნდობა მოიპოვა. ის ვინც დირექტორობისთვის იბრძოდა, ამბობს, რომ კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა. თავად კოხრეიძე კი ამტკიცებს რომ ქართულ ოცნებასთან უსაფუძვლოდ აიგივებენ. გათამაშბული დემოკრატია და დამარცხებული თავისუფალი სიტყვა - ასე აფასებს მესამე სექტორი ახალი ხელმძღვანელის არჩევას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დღეიდან გიორგი კოხრეიძე უხელმძღვანელებს. მან გამარჯვება მრჩეველთა საბჭოს წევრის სამი ხმით მოიპოვა.
დირექტორობისთვის ეტაპზე 9 კანდიდატი იბრძოდა. პირველ კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობის მიღება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. ხმები ასე გადანაწილდა, თითო ხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა ფირუზ ბოლქვაძემ და მაია მერკვილაძემ, ხოლო ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო.
განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე თამარ წილოსანის რჩეული იყო, რომელმაც, შემდეგ კენჭისყრაზე არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ბორდის წევრები ამბობენ, რომ კოხრეიძის წარდგენილი კონცეფცია მისი გამარჯვების წინაპირობა გახდა.
დირექტორობის კანდიდატი მაია მერკვილაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გასაუბრებისას მიზანმიმართულად ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რაზეც მას პასუხი არ ჰქონდა.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დღევანდელი არჩევანით, აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ეჭვს ქვეშ დგება.
თავად კოხრეიძე ამბობს, რომ მას მმართველ გუნდთან და ქართულ ოცნებასთან უსაფუძვლოდ აიგივებენ. ირწმუნება, რომ სარედადაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არ დადგება.
წინა ბორდის პირობებში დირექტორის არჩევნები სამჯერ ჩაიშალა. პოსტი ვაკანტური ნათია კაპანაძის ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ გახდა. მას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი მოუწყო.