26, ნოემბერი 2019 11:06:00
ქართველი მეზღვაურები ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე მუშაობას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელის ნათია თურნავას თქმით, ქართველი მეზღვაურების დასაქმება მთავრობის პრიორიტეტია.
„ასამბლეის ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს ვხვდები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავიანთ ქვეყნებში საზღვაო ინდუსტრიაზე. ყველა შეხვედრაზე საუბარი მაქვს, თუ როგორც შევუწყოთ ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა თურნავამ.
ორ ქვეყანას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს დაშვება ჰქონდეთ ბრაზილიის დროშით მცურავ რვაასამდე გემზე და ასევე მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ქართველ მეზღვაურებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე დასაქმდნენ და იმსახურონ, რომელთა რაოდენობა, დღევანდელი მდგომარეობით, 766-ს შეადგენს. მემორანდუმი ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში გაფორმდა.