22, მაისი 2020 16:47:00
ფერმერებს, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 0.25-დან 10 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ყოველ ჰექტარზე ლიბერთი ბანკისგან 200 ლარიან სუბსიდირებას მიიღებენ. ვისაც ბანკის აქტიური ბარათი აქვს, დაერიცხებათ შესაბამისი ქულები. თანხას ან ქულას ფერმერი სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად გამოიყენებს. დღეიდან დაიწყო აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემაც. მისი აღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებშია შესაძლებელი. 27 მაისიდან ფასდაკლების ბარათების გაცემა ლიბერთი ბანკის ფილიალებშიც დაიწყება. ერთ ჰექტარზე გათვალიწინებულია 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 ათასი ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა. დიზელის შესაძენად ფერმერს არაუმეტეს ერთი ლარის გადახდა მოუწევს. 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე.