03, ივნისი 2020 21:03:00
ხელვაჩაურში, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები კომპენსაციას იმ ინდური კომპანიისგან ითხოვენ, რომელმაც "ახალციხე-ბათუმის" ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა განახორციელა. როგორც ამბობენ, მიღებული კომპენსაცია ახალი საცხოვრებლების შესაძენად საკმარისი არ იყო. დეტალებს რეპორტაჟიდან გაიგებთ.
ხუთი წლის წინ დაწყებული "ბათუმი-ახალციხის" ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მუხედავად ამისა, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლებს პროტესტის მიზეზი მაინც დარჩათ. ადგილობრივებმა მორიგი აქცია დღეს გამართეს. ამბობენ, რომ საკომპენსაციო თანხა, რომელიც სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ მათ მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გადაუხადა, საკმარისი არ აღმოჩნდა და თანხის დამატებას ითხოვენ.
აქ მაცხოვრებლებს არც ის მოსწონთ, რომ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მაღალი ძაბვის გადამცემებია. აცხადებენ, რომ ეს მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
აქციაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ. მმართველი გუნდის ოპონენტები პასუხისმგებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძე აკისრებენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ წერილობით გვიპასუხეს. წერილში აღნიშნულია, რომ პირები, რომლებთანაც კონსესუსი შედგა, კომპენსაცია გაცემულია იმგვარად, როგორი შეთანხმებაც არსებობდა და საკითხი დახურულია, ხოლო ვინც განსახლებას არ დათანხმდა, მათ მიმართ გამოიყენეს ექსპოპრეაციის წესი. რაც შეეხება კომპენსაციას დაზიანებული ნარგავების, თუ სერვიტუტის უფლებისთვის, რომლებზეც კომპანიის თქმით, თანხის სიმცირის მიზეზით ამბობენ უარს, ხელმძღვანელობა სამართლებრივი დავის უფლებაზე მიუთითებს.