25, ივნისი 2020 20:00:00
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. არჩევანი პლენუმმა დღეს, დახურულ კენჭისყრაზე გააკეთა. ტურავას პლენუმის 9 წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი ირინე იმერლიშვილი იყო, რომელმაც ოთხი ხმა მიიღო. თემის დეტალებით ახლა თეო ფუტკარაძე შემოგვიერთდება. თეო, გისმენთ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა პლენუმმა მომდევნო ხუთი წლით მერაბ ტურავას მიანდო. ფარულ კენჭისყრაზე კანდიდატმა ხუთი მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ხუთი წელია მუშაობს. ტურავა პირველ კოლეგიას ხელმძღვანელობდა.
ბრალდებას, რომ მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში სასამართლოში კლანური მმართველობა დაინერგება, მერაბ ტურავა შემდეგ პასუხობს. აცხადებს, რომ უფლებამოსილება არ აძლევს უფლებას, მსგავსი შინაარსის კითხვებს უპასუხოს.
სწორედ იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში კენჭისყრა მიმდინარეობდა, პარტიამ - „ლელო საქართველოსთვის“ აქცია გამართა. წევრები აცხადებდნენ, რომ მერაბ ტურავას კანდიდატურას მხარდაჭერა არ უნდა მოეპოვებინა, რადგან იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატია და ხელისუფლების ინტერესს გაატარებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა კიდევ ერთ წევრს- ირინა იმერლიშვილს სურდა. მან ოთხი ხმა მიიღო. მოსამართლე აცხადებს, რომ, შედეგი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა გადასაწყვეტი აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარის მოადგილე, ანუ ვინ შეავსებს ადგილს, რომელიც აქამდე მერაბ ტუარავას ეკავა. გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ფარული კენჭისყრით უნდა მიიღონ. კანდიდატების შესახებ ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.