01, ივლისი 2020 16:27:00
საწვავის ხარისხის რეგულირების კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პარლამენტში, კანონპროექტის ინიცირება უახლოეს დღეებში იგეგმება. ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. შედეგად, არსებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ცვლილებების საფუძველი იმ სპეციალური კვლევის შედეგები გახდა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აპრილში ჩაატარეს. ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის შემოწმების მიზნით, სინჯები ქვეყნის 29 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს. შედეგების მიხედვით, 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას, ხოლო 1 ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც. 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებული ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევა კიდევ 251 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულ სინჯებზე მიმდინარეობს.