07, ივლისი 2020 21:45:00
ცდილობს თუ არა ხელისუფლება კრიტიკულ მედიაზე გავლენის მოხდენას და კონტროლს? ეჭვი ოპოზიციას და მესამე სექტორს იმ კანონპროექტმა გაუჩინა, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭება. ეს უკანასკნელი კი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრულ კონტროლს განახორციელებს. რა შესაძლო საფრთხეებს ხედავენ მაუწყებლები?
იმ შემთხვევაში, თუ კი „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაამტკიცებს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭება კანონიერი უფლება, კომპანიებში, რომლებიც ელექტორნული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები არიან, დანიშნონ სპეციალური მმართველები. კანონპროექტის მიხედვით, ამის უფლება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება იმ შემთხვევაში, თუ კი კონკრეტული ლიცენზირებული კომპანია დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. კანონპროექტის მიხედვით, მმართველი შეიძლება დაინიშნოს გადაწყევტილების აღსრულებამდე, თუმცა არაუმეტეს 2 წლის ვადით.
მედიამფლობელები ამბობენ, რომ პროცესები უკონტროლო ხდება და სარედაქციო პოლიტიკის მართვა სურს მარეგულირებელ კომისიას, რასაც არ დაუშვებენ. მათი აზრით, კანონპროექტი კრიტიკული აზრის შეზღუდვას ემსახურება.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ხელისუფლებისთვის ბერკეტია, რათა სახელმწიფომ მარტივად შეძლოს მაუწყებლობის საქმიანობაში ჩარევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ კომუნიკაციების კომისია კანონში ცვლილებით, მედიის კონტროლს აპირებს. აქ საუბრობენ იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც შეიძლება სამომავლოდ მაუწყებლებს შეექმნათ.
კოალიცია „ მედიის ადვოკატირებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუშვას კანონპროექტში ცვლილებების შეტანა, მითუფრო წინასაარჩევნო პერიოდში.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ირწმუნებიან, რომ ცვლილებების პროექტს სხვა კონტექსტი არ აქვს, რომ იგი არ ემსახურება მედიის კონტროლს და რომ კანონპროექტი მხოლოდ "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებებს შეეხება.
ბეგრაუნდი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი, პრეზიდენტის ხელმოწერით ქვეყნის პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დადგება კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე.