08, ივლისი 2020 21:15:00
ახლა კი უნდა გიამბოთ ბათუმში მცხოვრებ კიდევ ერთ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე. ივოლგინები სიცოცხლისთვის რისკის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. ცხოვრობენ სახლში, რომელსაც არც სახურავი აქვს და არც იატაკი. შესაბამისად, შენობას საცხოვრისს მხოლოდ პირობითად თუ უწოდებ. 4 წევრიანი ოჯახი თავს 280 ლარიანი სოციალური დახმარებით ირჩენს. უფრო მეტს, სალომე უსტალიშვილი მოგიყვებათ.
ივოლგინების ოჯახი ბათუმში მცხოვრები კიდევ ერთი უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახია, რომელიც სიდუხჭირესთან ერთად, სიცოხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს. საკუთარ საცხოვრებელში იატაკს ვერცერთ ოთახში ნახავთ. სახლს არც სახურავი აქვს. ამბობს, რომ თხოვნის მიუხედავად, ბათუმის მერია არ დაეხმარა. თავი კი ივოლგინებს 280 ლარიანი სოციალური დახმარებით გააქვთ.
ირინა ივოლგინის შვილმა სამსახური პანდემიისას დაკარგა. იმის გამო, რომ პანდემიამდე მუშაობა ერთი თვის დაწყებული ჰქონდა, სახელმწიფოსგან ერთჯერადად არც სამას ლარიანი დახმარება მოუწია. ოჯახს, არც მუნიციპალური სასურსათო კალათა შეხვდა. უსახსრობის გამო ელექტროენერგიას ფაქტიურად არ მოიხმარს. დღეს კი დიასახლისი გვეუბნება, რომ კომპანიისგან, მისთვის კოლოსალურად მაღალი დავალიანება მიუვიდა.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ივნისში ამოწერილი დავალიანება, რამდენიმე თვის გადაუხდელობის მიზეზით დაგროვებული თანხაა და არა მხოლოდ ბოლო ერთი თვის მაჩვენებელი. კომპანიაში ამბობენ, რომ დაგროვებულ თანხას, გადასახდელად, მომდევნო თვეებზე გადაუნაწილებენ.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის გადახურვას, ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა, მათ ივოლგინებისგან არ აქვთ, ხოლო ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, მერია დახმარების გაწევაზე იმსჯელებს.