14, სექტემბერი 2020 10:02:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსოფლიოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.
ჯანმოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან კიდევ 5 ათას 537 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში, დაღუპულთა რიცხვმა, 917 ათას 417-ს მიაღწია.
შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, 94 ათას 372 ახალი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა, შემდეგ აშშ-ში, სადაც კორონავირუსით 45 ათას 523 ადამიანი დაინფიცირდა. და ბოლოს, ბრაზილიაში - 43 ათას 718.
როგორც აშშ-ში, ასევე ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრაზილიაში კი 874 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 ათას 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველაზე მეტი გარდაცვალების ფაქტი კი 17 აპრილს დადასტურდა, როდესაც ვირუსს 12 ათას 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.