23, სექტემბერი 2020 21:59:00
გაძვირებული სურსათი და ინფლაციის საგანგაშო მაჩვენებელი. მომხმარებლებისა და უკვე გასაყიდო პროდუქტებისაგან დაცარიელებული დახლები. მოქალაქეები რეკორდულად მოკლე ვადაში შექმნილ კრიზისზე საუბრობენ. ამბობენ, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჭირდათ, რაც პანდემიის გამო მათი შემოსავალი შემცირდა. მოსახლეობის ნაწილი დაბალფასიან პროდუქტზე გადასვლას ცდილობს, თუმცა შეძენა ამ შემთხვევაშიც უჭირთ.
ლარის გაუფასურებასთან ერთად, ბოლო რამდენიმე დღეში, რეკორდულად გაიზარდა სამომხმარებლო კალათის ღირებულება. ფასები განსაკუთრებით მომატებულია ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ძირითადად უცხოეთიდან შემოდის. მომხმარებლებთან ერთად, რთულ მდგომარეობაში არიან მოვაჭრეებიც. ცენტრალურ აგრარულ ბაზარში, გამყიდველებს დახლების შევსება უჭირთ.
ვისაც ჯერ კიდევ გასაყიდი პროდუქტის მარაგი აქვს, მყიდველების სიმცირეს უჩივის. ამბობენ, რომ ფასებთან ერთად, მომხმარებლებს კორონავირუსიც აფრთხობს.
საკვებთან ერთად, ფასების მატებას, მოსახლეობა, ყველაზე მეტად მედიკამენტებზე გრძნობს. ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ყიდვა გაორმაგებულ ფასად უწევთ. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვთ.
დღეს, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 26 თეთრს აღემატება და გუშინდელთან შედარებით, ერთი ტეთრით გაძვირდა. კურსის მკვეთრ ცვლილებას, სავალუტო ჯიხურებში კორონავირუსს უკავშირებენ. ვალუტის გადამცვლელები ერთგვარ პრაქტიკაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ, დოლარი მუდმივად ძვირდება და ლარი მხოლოდ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე სტაბილურდება.
რატომ უფასურდება ლარი ყოველდღიურად?! ეკონომისტები კიდევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.
ლარის კურსის დასტაბილურებისთვის, ეროვნული ბანკი პერიოდულად ყიდის უცხოურ ვალუტას. მხოლოდ დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაიტანა, იუხედავად, ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა 6%-ით მაინც გაუფასურდა.