24, სექტემბერი 2020 21:59:00
აჭარაში ეპიდსიტუაცია მძიმდება. ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად იზრდება. რეგიონი კვლავ წითელ ზონად რჩება. მთავრობამ ხვალიდან ახალი შეზღუდვები დააანონსა. ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აკრძალვა შეეხება კვების ობიექტებს. სწავლა კვლავ ონლაინ ფორმატში გაგრძელდება. სავარაუდოდ კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდება, რადგან ამის საჭიროებას ხედავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
ოთხი თვის შემდეგ, შეზღუდვების განმეორებითი ეტაპი აჭარაში ხვალიდან იწყება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ის სეგმენტია, რომელსაც მუშაობა ეკრძალება. მოძრაობა ხვალ, დილიდან, გაურკვეველი ვადით ჩერდება.
მგზავრთა გადაყვანას ხვალიდან წყვეტენ როგორც მიკროავტობუსები, ისე მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქალაქე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვერც აჭარის მუნიციპალიტეტებში შეძლებს წასვლას. მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები კი 26 სექტემბრიდან შეწყდება.
ხვალიდან შეზღუდვები უწესდებათ რესტორნებსაც. კვების ობიექტებისთვის მუშაობა ნებადართული მხოლოდ დილის 10-დან საღამოს 22- საათამდე იქნება. საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების მოქმედების ვადა, ეპიდმდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, კვების ობიექტებში, სექტემბერში მომხმარებლების სიმცირე საგრძნობი იყო, მენეჯერები ამბობენ, რომ შეზღუდვის ახალი ტალღა მათ მატერიალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
განსხვავებით საქართველოს სხვა რეგიონებისაგან, აჭარაში, მოსწავლეები საკლასო ოთახებს ვერც პირველ ოქტომბერს დაუბრუნდებიან. აქ ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმი შენარჩუნდება.
რეგიონში არსებული ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - ამირან გამყრელიძემ დღეს აღნიშნა, რომ სასურველია, აჭარაში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს. გამყრელიძე სიფრთხილისკენ განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდებს.
რაც შეეხება მატარებელს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვა, საქართველოს რკინიგზაზე არ ვრცელდება.