28, სექტემბერი 2020 21:45:00
ლგბტ - ანუ, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანთა სოციალური მოძრაობა, რომელიც ხალხის საზოგადოებრივი თანასწორობისთვის წლებია იბრძვის. ლგბტ ადამიანები საქართველოში ჩაგვრას, დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას თითქმის ყოველდღიურად განიცდიან. ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამით ირღვევა არა მარტო მათი ფუნდამენტური უფლებები, არამედ ხდება თემის წევრების საზოგადოებიდან გარიყვა და მათი მოწყვლადობის გაზრდა. მიუხედავად, არაერთი საპროტესტო აქციისა, პრობლემა კვლავ გადაუჭრელია და აქტუალობას არ კარგავს. რა ხედვები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს მათი უფლებების დაცვისთვის? თეო ფუტკარაძე არკვევდა.
საკუთარი უფლებების დაცვას, საქართველოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დიდი ხანია ცდილობენ. ჩაგვრასა და დისკრიმინაციას განიცდიან. წლებია იბრძვიან იმისთვის, რომ დევნის, ჩაგვრის და აგრესიის მსხვერპლნი არ იყვნენ. ამისთვის არაერთ აქციასაც გაუწიეს ორგანიზება, თუმცა წინააღმდეგობა ისევ დაუძლეველია. უმცირესობათა უფლებების დაცვაზე პოლიტიკური სუბიექტები არც წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობენ, ამიტომაც ინდივიდუალურად შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა პოზიცია აქვთ და რა პოლიტიკას გაატარებენ, არჩევის შემთხვევაში.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში სექსუალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნის გამო, ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლნი არ უნდა იყვნენ. აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ამბობს, რომ დღეს საქართველოში ძალადობა არის წახალისებული, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.
სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმ თანასწორობის ბალანსზე, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი - ამბობენ ლელოში.
პოლიტიკურ გაერთიანებაში "მოქალაქეები" ამბობენ, რომ გამარჯვების შემთვევაში იმუშავებენ იმისთვის, რომ ლგბტ პირების მიმართ აგრესია რეაგირების მიღმა არ დარჩეს და რომ მათ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ხელი არ შეეშალოს.
ჰომოფობიასა და ტრასფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 17 მაისს აღნიშნავს. 130 ქვეყანას შორის, იგი აღინიშნება საქართველოშიც, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, როგორც თანასწორობის იდეის გამყარების და ადამიანის ღირსების პატივისცემის დღე.