08, ოქტომბერი 2020 21:59:00
თამაშში მოკლული დრო, რომელსაც მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებს უნდა უთმობდნენ. განათლების უფლება, რომელსაც სახელმწიფო დისტანციურად ვერ უზრუნველყოფს. მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე. როგორია მდგომარეობა - ნინია მესხიძე გვიამბობს ერთი გმირის მაგალითზე.
ლიკა ბერიძე ერთ-ერთია იმ ათობით ათას მოსწავლეს შორის, რომელიც სასკოლო განათლებას დისტანციურად იღებს, თუმცა რამდენად სრულყოფილად არის ჩართული საგაკვეთილო პროცეში, ეს რთული სათქმელია. მეშვიდე კლასის მოსწავლე, მიუხედავად მონდომებისა, ონლაინ გაკვეთილებს თითქმის ვერასდროს ესწრება. სახლში, სადაც ცხოვრობს, ინტერნეტი არ აქვს, მობილურით ონლაინ კომუნიკაციის დამყარება კი უჭირს.
ინტერნეტის არ ქონის გამო, ლიკას მსგავსად, განათლების ონლაინ რეჟიმში მიღებას, მისი კიდევ ბევრი მეგობარი ვერ ახერხებს. ლიკას დედა ამბობს, რომ მობილური ინტერნეტ პაკეტები ძვირია და მეგაბაიტების ყოველთვის ვერ ყიდულობს. საუბრობს კავშირის დაბალ სიხშირეზეც.
მაშინ, როცა პანდემიის მიზეზით დისტანციური სწავლების საკითხი დღის წესრიგში დადგა, ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა არ იქნებოდა და განათლების უფლებით ყველა მოზარდი ისარგებლებდა. შედეგი, როგორც სოფელში, ისე ქალაქში სხვაგვარია. რატომ არ აქვთ ხელშეწყობა მოსწავლეებს სახელმწიფოსგან - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ შეკითხვით აჭარის განათლების სამინისტროს მივმართეთ. არც პირველი შემთხვევა, როცა ხაჯიშვილის უწყება, ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ მზად არ აღმოჩნდა. „მაცნე“-ს კამერებს ემალებიან მინისტრის მოადგილეებიც. ჩვენამდე მხოლოდ ის მასალა აღწევს, რომელსაც სამინისტროს პრეს-სამსახური თვლის საჭიროდ. ასეთ ვიდეოებში კი არსებული პრობლემებბი არასდროს ჩანს.
რას აკეთებენ ინტერნეტის გარეშე მყოფი მოსწავლეები იმ დროს, როდესაც წესით ონლაინ გაკვეთილებზე უნდა ისხდნენ, ისინი სხვადასხვაგვარ არჩევანს აკეთებენ. მათგან ნაწილს დრო უბრალოდ გართობით გაჰყავს.