16, ოქტომბერი 2020 21:30:00
აჭარის მაუწყებლის ეთერიდან გადაცემები ქრება. საეთერო ბადეში ის პროგრამები ვეღარ მოხვდა, რომელთა გუნდი კრიტიკულ კონტენტს ქნის. ეს კი მარტივად მისახვედრია, რომ ყველაზე დიდ დისკომფორტს ტელევიზიის დირექტორს უქმნის. სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან ერთად წინასაარჩევნოდ ეთერში, ისეთი გადაცემები აღარ გადის, სადაც ჟურნალისტები მმართველი გუნდის წევრებს კრიტულ კითხვებს დაუსვამდნენ. სარედაქციო მიმართულების ცვლილლება, თვალშისაცემია. ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხოლოდ ისეთი პროგრამებია დარჩენილი, , სადაც ჟურნალისტები „ ქართული ოცნების“ წევრებს როგორც გიორგი კოხრეიძე იტყოდა, და-ძმასავით ხვდებიან.
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ახალი სატელევიზო სეზონი სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა ივლისის ბოლოს გაჩერებული გადაცემები, ეთერს დღემდე არ დაბრუნებია. რის გამო გააჩერა დირექტორმა „ათვლის კუთხე“ ? თანამშრომლებს დასაბუთებული ეჭვი აქვთ, რომ ამის მიზეზი კრიტიკული კონტენტი გახდა.
თითქმის სამი თვეა ეთერში არ გადის კიდევ ერთი ყოველდღიური, გადაცემა "ჰეშთეგი". როგორც ავტორებისთვის არის ცნობილი, ისინი ეთერში გასვლას სავარაუდოდ, ნოემბრიდან შეძლებენ, თუმცა კვირაში მხოლოდ ერთი დღით და შემცირებული ქრონომეტრაჟით. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ მათი საქმიანობა დირექტორისთვის დისკომფორტია. ჰეშთეგში მწვავე რეპორტაჟებით ხშირად ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, სწორედ ამიტომ, მენეჯმენტის ინტერესებიდან გამომდინარე პროგრამა წინასაარჩევნოდ დაიხურა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადეში სექტემბრიდან არც გადაცემა "მთავარი აჭარაში" და „კვირის მთავარი“ დაბრუნებულა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ანალიტიკური პროგრამაც უინტერესო აღმოჩნდა.
ჯამში, ახალ სატელევიზიო სეზონზე, მაყურებელმა ექვსი გადაცემა ვეღარ იხილა. გარდა დასახელებული პროგრამებისა, საეთერო ბადეს გამოაკლდა "იმპულსი", "რადიოვიზია" და "აკვარიუმი". ამ კონკრეტულ გადაცემებთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე მაუწყებლის დირექტორს კითხვები ვერ დავუსვით. ტრადიციულად გიორგი კოხრეიძემ სხვადასხვა მიზეზით ჩვენთვის ვერ მოიცალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მეტწილად ხელისუფლების მაქებარი პროგრამები შემორჩა.