ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე მატულობს. ეს იწვევს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და საავადმყოფოებში მედ-პერსონალის, მკურნალობისთვის საჭირო ინვენტარისა და ადგილების დეფიციტს.
სტატისტიკის მიხედვით ადამიანთა მხოლოდ 20%-ს სჭირდება ჰოსპიტალური დახმარება, ხოლო დანარჩენ 80%-ს თვითმკურნალობა შეუძლია.
თუ ოჯახის წევრს აღმოაჩნდა ცხელება, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი, დაღლილობა ან/და დიარეა, მიმართეთ ექიმს. ამისთვის არ არის აუცილებელი რეკომენდაცია „დარჩი სახლში"-ს უგულვებელყოფა. შეგიძლიათ ექიმს მობილურით გაესაუბროთ. ტესტების სიმცირის გამო თუ თვითიზოლაციისკენ მოგიწოდებენ, დარჩით სახლში, რადგან დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის განცხადებით, კოვიდ-19-ის უმეტესი შემთხვევა „სახლის პირობებში სამედიცინო ჩარევის გარეშეც განკურნებადია".
არსებობს წესები, რომლებსაც ამჟამადაც უნდა იცავდეთ. გაითვალისწინეთ, რომ სახლშიც კი უნდა დაიცვათ გარკვეული წესები. თუ კორონავირუსის ნიშნები გაქვთ, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტს და იყავით თვითიზოლაციაში. მოერიდეთ შინაურ ცხოველებსაც. მოთავსდით/მოათავსეთ ინფიცირებული პირი განცალკევებულ ოთახში და თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გამოუყავით პერსონალური საპირფარეშო. უმჯობესია, თუ ოთახი კარგად ნიავდება.
საკუთარ ოთახთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფიცირებულ პირს ჰქონდეს პირადი ურჭელი, პირსახოცი და თეთრეული. ყოველი გამოყენების შემდეგ ნივთები კარგად უნდა გაირეცხოს. ნივთებს უნდა შეეხოთ ერთჯერადი ხელთათმანით. როდესაც ხელთათმანს მოიხსნით, დაიბანეთ ხელები საპნით ან ალკოჰოლით დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით. ტანსაცმლის გამშრალების დროს გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია გამათბობლის ტემპერატურა, მით უფრო მეტად იზღვევთ თავს.
დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჰიგიენას. „პაციენტის" მეთვალყურე უნდა მოერიდოს დაუბანელი ხელების სახეზე მოკიდებას. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
პირბადეს შეუძლია ვირუსის გავრცელების შეჩერება. ინფიცირებული ადამიანი მას აუცილებლად უნდა ატარებდეს, როდესაც ის სხვა ადამიანის სიახლოვესაა.
თუ ინფიცირებული ადამიანის ზედამხედველს უწევს პაციენტის სისხლთან, განავალთან, ნერწყვთან, ნახველთან, ღებინების მასებთან ან შარდთან შეხება, მას აუცილებლად უნდა ეკეთოს ხელთათმანი და პირბადე. როდესაც ის დატოვებს პაციენტის ოთახს, პირველ რიგში უნდა მოიხსნას და გადააგდოს ხელთათმანი, შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები წესების დაცვით და ამის შემდეგ მოიხსნას და გადააგდოს პირბადე და ისევ დაიბანოს ხელები.
არ დაგავიწყდეთ კარის სახელურების დეზინფექცია.