19, ნოემბერი 2020 21:59:00
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში. ლელოს შტაბის წევრებს, ალექსანდრე მილორავასა და მიშო ქავთარაძეს თავს დაესხნენ. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, თავდასხმაში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახი ფიგურირებს. ფიზიკური ანგარიშსწორება ქალაქში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან მოხდა. მილორავა და ქავთარაძე მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
დაპირისპირების ამსახველი ეს ვიდეო ტვ25-ს, პირველებს გამოგვიგზავნეს. კონფლიქტის ერთ მხარეს "ლელოს" წევრები: ალექსანდრე მილორავა და მიშა ქავთარაძე, მეორე მხარეს კი სამშენებლო კომპანია "ელტჰაუსის" იურისტი - ბექა თვალაძე და მისი მეგობრები არიან.
კონფლიქტში მონაწილე მხარეები შემთხვევიდან მალე აჭარის მთავარ სამმართველოში გამოიკითხნენ. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკითხვიდან გამოსული ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა.
ინცინდენტი ახვლედიანის ქუჩის სამ ნომერში მოხდა. ეს ის მისამართია, სადაც კომპანია "ელტჰაუსმა" კორპუსი ააშენა, ხოლო მეზობელს მშენებელთან შვიდწლიანი დავა აქვს. თავდასმის მიზეზიც, მორიგი უთანხმოება გახდა. მშენებელმა კორპუსის უკანა ეზოს იზოლირებისთვის, ჭიშკრის ჩასმა გადაწყვიტა. ერთ-ერთ საყრდენად სწორედ მეზობლის საცხოვრებელი კედელი გამოიყენა, თუმცა შეუთანხმებლად. დავითაძეებმა კი უნებართვოდ ჩასმული ჭიშკრის დემონტაჟი დაიწყეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ თავდამსხმელები.
სამშენებლო კომპანია "ელტჰაუსი" ბაგრატ მანველიძის საკუთრებაა. ეს ის მანველიძეა, რომელიც ბათუმის ვიცე-მერი იყო, დღეს კი მისი შვილი - გიორგი მანველიძე"ქართული ოცნების" მაღალჩინოსანია. მიუხედავად იმისა, არის ეჭვი, რომ ინცინდენტში გიორგის ძმა, ბექა მანველიძეც მონაწილეობდა, მამა - ბაგრატ მანველიძე კატეგორიულად უარყოფს.
მოგვიანებით, "ლელოში" ფაქტზე პოლიტიკური შეფასებაც გაკეთდა.
ჭიშკარი, რომლის დემონტაჟსაც დაპირისპირება მოჰყვა, დავითაძეებმა მაინც ჩამოხსნეს და ეზოდან გარეთ გაიტანეს. მანველიძეების კორპუსის ფასადზე, დღის ბოლოს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაც დაგვხვდა, სადაც ეწერა, რომ აღნიშნულ მისამართზე არ ხორციელდება ბრძანება, სამუშაოების შეჩერების ნაწილში კორპუსის უკანა ეზოში. მეტი დეტალის ამოკითხვა და გადაღება ვეღარ მოვასწარით, ჩვენთვის უცნობმა პირმა იგი თვალწინ ჩამოხსნა.