ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდება. მოძრაობა 21 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი ანუ ახალი წლის ღამე და 6 იანვარი ანუ შობის ღამე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დასვენების დღეები მხოლოდ ერთი რელიგიის წარმომადგენლების დღესასწაულს ემთხვევა. რატომ არ შეეხო შეღავათი საქართველოში წარმოდგენილ სხვა რელიგიურ ჯგუფებს? ვნახოთ სიუჟეტი.
საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია ის მთავრობის მხრიდან შერჩევით მიდგომაზე საუბრობს. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ მართლმადიდებლების ინტერესს ითვალისწინებს და საგამონაკლისოდ, სხვა რელიგიური დღესასწაულებისთვის ღამისთევას არ უშვებს. ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია ღვთისმსახურებას ონლაინ უკვე სამი კვირაა გადასცემს. კონფესია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
მთავრობის გადაწყვეტილებაზე პროტესტი გამოთქვეს მუსლიმთა კავშირშიც. ამბობს, რომ თუ კი შეღავათი წესდება, იგი თანაბრად უნდა შეეხოს საქართველოში წარმოდგენილ ყველა რელიგიურ ჯგუფს.
ხელისუფლების მიდგომა შეაფასეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს არის მორიგი მაგალითი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, რელიგიური უმცირესობების მიმართ.
შეფასება გააკეთა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციულია.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და შობას 7 იანვრის ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი - ეს განმარტება ვიცე-პრემიერმა, გააკეთა. მაია ცქიტიშვილმა აქვე ნაცხადა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა კონფესიის უფლებების დაცვას.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მათ შორის, 21 საათის შემდეგ დილის ხუთ საათამდე, გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა აკრძალულია. ეს შეზღუდვა საგამონაკლისოდ, არ ვრცელდება 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს და შობის - 6 იანვრის ღამეს. ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც შესაძლოა ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.