30, ნოემბერი 2020 21:59:00
მომხდარზე გამოძიება 166 და 173 მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს. თავისუფლება ირაკლი ჩხვირკიას აღუკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციული წარმოება კიდევ ერთ მოქალაქეზე დაიწყო. დაშავდა რამდენიმე აქტივისტიც.
დაპირისპირების მიზეზი მოძრაობა „იმოქმედეს“ პერფორმანსი გახდა. კერძოდ, აქტივისტებმა,ჰელიუმის ბუშტებზე წარწერები „გამოდი, შეხვდი ხალხს“ გააკეთეს და თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის ფანჯარასთან აუშვეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, აქტივისტებს, ბუშტები შენობაზე ჰქონდათ დამაგრებული. კონსტანტინე ანანიაშვილის მტკიცებით, სამთავრობო უწყების თანამშრომელმა, „იმოქმედეს“ წევრებს მოუწოდა, რომ ბუშტები მოეხსნათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. შედეგად, პოლიციელებთან დაპირისპირება დაიწყო.
ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ დაპირისპირებას. მიზეზი ის იყო, რომ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრს, საცხოვრებელ სახლში შესვლის უფლება არ მისცეს. ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებდა, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მდებარე კორპუსში ბინა აქვს ნაქირავები, იმ დროს კი მედიკამენტის მიღების დრო ჰქონდა, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაუკეთეს და სახლში არ შეუშვეს.
„მოშორდეს“ - ამ შეძახილებით ელგუჯა ბაგრატიონის შენობაში შესვლას კორპუსში მცხოვრები ერთი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. თავად ოპოზიციონერი დეპუტატი კი ფაქტს იმით ხსნიდა, რომ საცხოვრებელში თორნიკე რიჟვაძის თანაშემწის მშობლები ცხოვრობენ.
დღის ბოლოს, ქალაქში მიმდინარე მოვლენებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გამოეხმაურა. ტიტე აროშიძის თქმით, ოპოზიცია მოქმედების ახალ მეთოდზე გადავიდა, რომელიც "გასტროლიორმა" სცენარისტმა მოიფიქრა. მმართველი გუნდის წევრის განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტები მოსახლეობის ყურადღების მიქცევას დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს.
''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ მთავრობის სახლის წინ ანტისანიტარიაა, რაც ვირუსის გავრცელებისთვის დიდი რისკია. აროშიძემ ყურადღება, გაშლილ კარვებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გზის სავალი ნაწილი ჩახერგილია, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მისივე თქმით, თუ კი ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავლენ, მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.